თუ ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ეკონომიკური კუთხით ვერ იქნება დამოუკიდებელი სხვა პროცესებისგან, კერძოდ, რეგიონში მიმდინარე პროცესებისგან.
„ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ. თუ ჩვენს რეგიონში, ანუ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველო იმყოფება, იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი განვითარების მაჩვენებლები. თუ ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები, გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ვდგამთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები, გვესმის ყველაზე უკეთ სხვათა შორის და ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, რადგან ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა ნაბიჯზე, რომელსაც ვდგამთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის, იმ ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ, მოაქვს მეტი ეკონომიკური დინამიკა, მეტი განვითარება და უფრო სწრაფი ზრდა. საქართველო იწყებს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების პროცესს. ეს პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს პროცესი იქნება ის გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩააყენებს განვითარებული, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების რიგში და საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება ის პრობლემები, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, აქეთკენაა მიმართული და ჩვენ ამ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.