რომან გოცირიძე - მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ლარს „ბოლოს მოუღებს“

თქვენი ბიუჯეტი დორიან გრეის პორტრეტივით წლიდან წლამდე უარესდებოდა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

„როგორც ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, რომ ტოლსტოი არის რუსეთის რევოლუციის სარკეო, დაახლოებით შეიძლება ვთქვათ, რომ ბიუჯეტი არის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სარკე. ამ სარკეში თუ კარგად ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ ძალიან მახინჯ სურათს წავაწყდებით. ეს ბიუჯეტი არ არის ქვეყნის განვითარებისთვის ხელშემწყობი დოკუმენტი. ბიუჯეტი წლიდან წლამდე უარესდებოდა. დორიან გრეის პორტრეტი ხომ ყველას წაგიკითხავთ? - როგორ მიდიოდა დრო, როგორ ხდებოდა მხატვრის პორტრეტის დამახინჯება და რაღაც დროს ისეთი საზარელი სურათი დაინახა, რომ ძნელი აღსაწერია მისი ტრაგედია. ეს ბიუჯეტი ოთხი წლის წინ იყო სიმპათიური. მერე ჩნდებოდა მრავალი ლაქა, მრავალმა სტრესმა და ლარის გაუფასურებამ გადაიარა. ცალ სახეზე იარაც მიიღო - 150 მილიონი ლარის წონის გუთანმა გადაუარა ხვნა-თესვის პროგრამის სახით. კიდევ კარგი მეორე სახე დაიცავით და რაღაც კორექტივები შეიტანეთ, თორემ იქნებოდა ორმხრივად დამახინჯებული. ეს ბიუჯეტი, რომელიც თქვენ ახლა წარმოადგინეთ, არის ძალიან არალამაზი ბიუჯეტი. იგი არის ფაქტობრივად თქვენი 4-წლიანი მმართველობის სარკე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ლარს „ბოლოს მოუღებს“.