რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად უკვე მეოთხედ დაასახელა.
„რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის გავლენა დედამიწის, თითქმის, ყველა წერტილში გაავრცელა; თავისი სამშობლოდან სირიამდე და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან პუტინი განაგრძობს იმის მიღებას, რაც თავად სურს“, - წერს ჟურნალი.
ჟურნალში ასევე დარწმუნებულები არიან, რომ პუტინის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში თავის ადგილს დაიკავებს. „ფორბსის“ რეიტინგში მეორე ადგილს დონალდ ტრამპი იკავებს, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი კი 48-ე ადგილზეა.
მესამე ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდა. შემდეგ მოდიან ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რომის პაპი ფრანცისკე.
ყველაზე გავლენიან ადამიანთა ათეულში მოხვდნენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაური ჯანეთ იელენი, ბიზნესმენები ბილ გეითსი, ლარი ფეიჯი და მარკ ცუკერბერგი. აღსანიშნავია, რომ 32 წლის ცუკერბერგი ამ რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდაა.
შარშანდელ რეიტინგში სიის ლიდერი ასევე ვლადიმერ პუტინი იყო, მეორე ადგილზე ანგელა მერკელი, მესამეზე - ბარაქ ობამა გავიდნენ.