მოწინავე ქვეყნებში დაზღვევის თითქმის ყველა სახეობაა განვითარებული - იქნება ეს სოციალური თუ სამედიცინო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და ა.შ... რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რა შეცვალა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის 28 თებერვლიდან მოქმედებს? - ამ კითხვებით „ბიზნესპრესნიუსმა“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს - დევი ხეჩინაშვილს მიმართა.
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში 2013 წელს შემოიღეს. 2012 წლის მონაცემებს რომ გადავხედოთ და ახლანდელს შევადაროთ, დავინახავთ, რომ ნებაყოფლობით დაზღვეულთა რაოდენობა დღეს ოდნავ შემცირებულია. ეს ნიშნავს, რომ საყოველთაო დაზღვევამ აშკარად შეამცირა ინტერესი კერძო დაზღვევისადმი. მეორე მხარეც უნდა გამოვყოთ: მოხდა თვისობრივი ცვლილებები - ბევრმა ადამიანმა, რომელსაც დღეს საყოველთაო დაზღვევა ეკუთვნის, შემავსებელი კერძო დაზღვევის ყიდვა დაიწყო, რაც ძალიან კარგია.
-ცნობილი გახდა, რომ 2017 წლიდან ფინანსურად უზრუნველყოფილი ფენა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ ისარგებლებს. ამაზე რას იტყოდით?
-აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტი იკვეთება: მთავრობამ საკმაოდ მკაცრად აამოქმედა იდეა, რომ ბიუჯეტიდან ორი ინსტრუმენტის დაფინანსება არ შეიძლება, რომ დაუშვებელია ბიუჯეტი იყოს მონაწილე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და ამავე დროს, შემავსებელ სადაზღვევო პროდუქტსაც ყიდულობდეს. როგორ აისახება ეს მიდგომა კერძო დაზღვევის პროდუქტზე, ჯერ არ ვიცით. სხვათა შორის, ამ დღეებში დასრულდა ტენდერი, რომლითაც ერთ-ერთმა ძალოვანმა სტრუქტურამ უარი თქვა საყოველთაო დაზღვევაზე და მთლიანად კერძო დაზღვევაზე გადმოვიდა. ვნახოთ ეს ამბავი როგორ და რა შედეგით დასრულდება. დღევანდელი მთავრობა აცხადებს, რომ ვისაც კერძო დაზღვევა აქვს, იმას არ ეკუთვნის საყოველთაო დაზღვევაც. მგონი, ეს პრინციპი უნდა შეიცვალოს, რადგან ადამიანები თანდათან შემავსებელი პროდუქტების ყიდვას სწავლობენ. ამ ხალხს სახელმწიფომ აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოს, რადგან ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტიანი სისტემა ჯიბიდან გადახდას ვერ დაეფუძნება. ნებისმიერ ვარიანტში ხელი უნდა შევუწყოთ ინსტიტუციურ გადახდებს, თუმცა აქაც ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. მთავრობა გვპირდება, რომ ეს ნიუანსები კვალიფიციურად იქნება შესწავლილი და ჯანდაცვის დაფინანსების ახალი მოდელი შემუშავდება. ვნახოთ, როგორ შესრულდება ეს დანაპირები.
-ბატონო დევი, ბოლო წლებში სადაზღვევო პრემიაც ხომ არ შემცირდა?
-სადაზღვევო პრემია რაღაც ნაწილში მართლაც შემცირდა, რადგან დაშენებული პროდუქტი ხშირად უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე სრული. რა თქმა უნდა, სადაზღვევო კომპანიებს მოგებაც შეუმცირდათ, რადგან ჯანმრთელობის დაზღვევის ფასები მომსახურებისა და წამლის ფასზეა დამოკიდებული, რაც ვიცით, ამ ბოლო ხანებში როგორ გაიზარდა.
-თქვენი აზრით, გახდა თუ არა საყოველთაო დაზღვევა კერძო კომპანიების მთავარი კონკურნეტი.
-საყოველთაო დაზღვევა - ეს არის ბენეფიტი, რომელიც ადამიანს ეძლევა. თქვენ რომ შეხედოთ ნებაყოფლობითი დაზღვევის ზრდის ტემპს საყოველთაო დაზღვევის შემოსვლამდე, ის მართლაც გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ახლაა. 2012 წელს სურათი დაახლოებით ასეთი იყო: 1 მილიონ 600 ათას ადამიანს ჰქონდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები, დაახლოებით 550 ათასზე მეტს - ნებაყოფლობითი კერძო დაზღვევა, ძირითადად კორპორატიული, მაგრამ ინდივიდუალურიც, ხოლო დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს დაზღვევა საერთოდ არ ჰქონია. საყოველთაო დაზღვევა რომ შემოვიდა, ბენეფიტი მიიღო სწორედ ამ ხალხმა, რომელსაც არანაირი დაფინანსება არ ჰქონდა. რასაკვირველია, საყოველთაო დაზღვევამ მნიშვნელოვნად შეამცირა ნებაყოფლობითი დაზღვევის მოცულობა, მაგრამ ადამიანებმა თანდათან დაიწყეს შემავსებელი პროდუქტების შეძენაც. კონკურენცია არის, მაგრამ საყოველთაო დაზღვევა - ეს არის უფასო სერვისი, რომელსაც სახელმწიფო აძლევს ადამიანებს. ამიტომაც, ამ სისტემას კერძო დაზღვევის კონკურენტად ვერ მოვიაზრებ.
-საინტერესოა კიდევ ერთი რამ: ხომ არ გაიზარდა ბოლო წლებში ავტოდაზღვევის, ან ქონების დაზღვევის წილი ჩვენს სადაზღვევო სისტემაში?
- შეიძლება ითქვას, რომ ამ სეგმენტში ბევრად უფრო ტრაგიკული მდგომარეობა გვაქვს. წარმოიდგინეთ, საქართველოში 1 მილიონ 100 ათასზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული და მათგან მხოლოდ 50 ათასია დაზღვეული. ალბათ გარდატეხა მოხდება მაშინ, როცა მთავრობა ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის სისტემას შემოიღებს, რომელიც მთელ მსოფლიოშია აპრობირებული და მიღებული. საქართველო იმ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს შორის იმყოფება, სადაც ეს სისტემა არ მოქმედებს. უძრავი ქონების დაზღვევაშიც იგივე მდგომარეობაა, ოღონდ აქ კორპორატიული სექტორი უფრო აქტიურობს. კერძო პირები უძრავ ქონებას არ აზღვევენ, თუ ამას იპოთეკური სესხის პირობები არ მოითხოვს. იმის გამო, რომ იპოთეკური სესხების რაოდენობა მცირეა, დაზღვევის ეს ნაწილიც არ ვითარდება. არადა, ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მიწისძვრის რისკი საკმაოდ მაღალია, ისედაც, კატასტროფები ხომ მთელ მსოფლიოში ხდება. გავიხსენოთ თუნდაც ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობა, რომელიც ჩვენს ბიუჯეტს ასეულობით მილიონი ლარი დაუჯდა. სხვათა შორის, იქ იყო ძეხვეულის საწარმო, რომელიც დაუზღვეველი აღმოჩნდა და ამ საწარმოს მფლობელებმა ყველაფერი იზარალეს: მარაგი, მოწყობილობები, ავტოფარეხში 8 მანქანიდან 3 ჰყავდათ დაზღვეული, სხვა ყველაფერი დაკარგეს. მომავალშიც, რომელიმე ადგილას მსგავსი მოვლენა რომ მოხდეს, არა გვაქვს სისტემა, რომელიც ინფრასტრუქტურის და საცხოვრებლის მიმართ მიყენებულ ზარალს აანაზღაურდებდა. ჩვენი მოქალაქეების მიდგომა რისკების მიმართ ასეთია - რაც მოხდება, მოხდება. ეტყობა ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო ზრუნავს, ამიტომ ყველა სხვა სახის დაზღვევას საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა აჭარბებს.
ხათუნა ჩიგოგიძე