ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნების საკითხი ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ენერგეტიკის სამინისტროსა და სემეკში ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩება, მაგრამ სპეციალისტები სხვაგვარად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ენერგოსისტემა ზღვარზე მუშაობს, რადგან ტარიფის მატება მხოლოდ ლარის კურსზეა დამოკიდებული.
ჯერჯერობით ერთადერთი დადებითი მომენტი ისაა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში ძვირი დენის წილი მცირდება, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა კი იზრდება. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი - 71%-ით, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენის წილი კი თითქმის 1%-ით შემცირდა. ჰიდროსადგურების დენის წილმა კი 71,9% შეადგინა და ის 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა.
სპეციალისტების თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში იაფი ელექტროენერგიის გამომუშავება იზრდება და შესაბამისად, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიები ტარიფის ზრდასაც არ და ვერ მოითხოვენ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ლარის კურსი 2,5-ის ფარგლებში იმოძრავებს, მაგრამ თუ ეროვნული ვალუტა დღევანდელ ნიშნულზე დარჩა, მაშინ კომპანიები დღის წესრიგში ტარიფის კორექტირების საკითხს აუცილებლად დააყენებენ.
ესკო-ს მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოში გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 906,748 მლნ კვტ/სთ შეადგინა, აქედან თბოსადგურების წილი იყო 254,037 მლნ კვტ/სთ, ანუ მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის 28%. 71,9%, ანუ 652,711 მლნ კვტ/სთ ჰესების წარმოებული დენი იყო, 1,8% კი - იმპორტირებული ელექტროენერგია.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაა მოსალოდნელი. მისი აზრით, თუკი არ მოხდება ტარიფის ცვლილება, გახშირდება ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები.
"ან ელექტროენერგიის ტარიფი უნდა გაძვირდეს, რომ სისტემა არ დაინგრეს, ან უნდა გახშირდეს გრაფიკით გათიშვები. სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ამაზეა საუბარი, რომ ბევრგან ერთდროულად ხდება გათიშვა, შეუძლებელია ეს ყველაფერი მხოლოდ ავარიებით იყოს გამოწვეული.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ისინი ვერ განახორციელებენ იმ ოდენობით ინვესტირებას, რაც სემეკისთვის წარდგენილ განაცხადში ჰქონდათ მითითებული. ზოგადად, თუ ჩვენ გვინდა, რომ სისტემა არ დაინგრეს, ტარიფი უნდა იყოს იმდენი, რამდენიც მისი შენარჩუნებისთვის არის საჭირო. ამისთვის მოსახლეობის შემოსავალიც ადეკვატური უნდა იყოს",- განაცხადა ჩალაგაშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ჯერ კიდევ მსჯელობენ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით. აქამდე ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც კომისიამ მიიღო, შპს "ენგურჰესისთვის" წარმოების ტარიფის გაზრდას უკავშირდება.
აქამდე ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი 1 კვტ/საათზე 1,187 თეთრს შეადგენდა, ახლა კი იგი 1,496 თეთრით განისაზღვრა. შესაბამისად, ტარიფის ზრდამ 1 კვტ/სთ-ზე 0,3 თეთრი შეადგინა.
როგორც სემეკში აღნიშნავენ, ახალი ტარიფი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა. "წარმოების ტარიფების ცვლილება სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება", - დასძინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.
წარმოების ტარიფების გადახედვა "ენრუგჰესისთვის" და "ვარდნილჰესისთვის" 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა. რამდენად გაიზრდება სხვა კომპანიებისთვის განკუთვნილი ტარიფი, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
მარი ლიქოკელი
გაზეთი "რეზონანსი"