ზაზა ოქუაშვილი - ბიზნესმენი პოლიტიკური აქცენტით

ზოგისთვის ბნელ და ზოგისთვის “ტკბილ” 90-იან წლებში დაწყებული ბიზნესით, ზაზა ოქუაშვილი ერთ-ერთ პირველ, „ახალ“ ქართველ მილიონერად იქცა.

ბიზნესმენი, რომლის ქონებაც არაოფიციალურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ითვლის,„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი და ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელია.

ბიზნესის გარდა, მისი ბიოგრაფია პოლიტიკასაც მოიცავს. ბიზნესმენი ასლან აბაშიძის გუნდის წევრი იყო და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ,,აღორძინების" სიით გამოჩნდა.

ბავშვობა და განათლება

ბიზნესმენი, რომელიც ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს, თბილისში, ვერაზე დაიბადა. იხსენებს, რომ სწავლობდა 55-ე სკოლაში, რომელიც იმ დროს საკმაოდ ცნობილი და პრესტიჟული იყო. ამის შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. პროფესიით ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავის დროზე მშობლებისგან რჩევა მიიღო, ექიმი გამხდარიყო.

„რატომ სამედიცინო? ერთი, რომ მედიცინა მაინტერესებდა და მეორე - ყოველთვის სირთულეებისკენ მქონდა ლტოლვა და მაშინ ვფიქრობდი, რომ სამედიცინოზე ჩაბარება უფრო რთული იყო. მაშინ მეამაყებოდა გადამელახა უფრო მაღალი კონკურსი, ვიდრე იმ დროს სხვა სპეციალობებზე იყო,“ - იხსენებს ოქუაშვილი.

ექიმად რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობდა. თუმცა, იმავე პერიოდში ბედი სცადა მცირე ბიზნესში, რომელიც როგორც თავად აღნიშნავს, საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მალე გაფართოვდა კიდეც.

პირველი ნაბიჯები ბიზნესში

ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პირველი ბიზნესი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, თბილისში, საირმის ქუჩაზე, პატარა თონე იყო. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ზაზა ოქუაშვილი აღნიშნავს, ამ მცირე ბიზნესმა ბევრი რამ ასწავლა - რა უნდა კადრს, როგორი მოქცევაა საჭირო, რა უნდა კლიენტს, რა არის გაყიდვა, შექმნა და ა.შ.

„თონე იყო პატარა მასშტაბით ის ყველაფერი, რაც დღეს მაქვს. საკმაოდ აქტიური ვიყავი და ვარ ბუნებით. მომეწონა ეს სფერო. მართალია, იმავე დროს პრაქტიკაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი, მაგრამ გაჭირვება იყო და შესაბამისად, როცა გამოჩნდა შანსი, ეს თონე გავაკეთე“.

„ომეგა“ და კრიმინალური ისტორიები

გასული საუკუნის 90-იან წლებში, 27 წლის ასაკში ბიზნესმენმა კომპანია „ომეგა“ დააარსა, რომელიც დღეს უკვე ჰოლდინგურ კომპანიად იქცა და რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მათ შორის BMW ჯგუფის ბრენდების გენერალურ იმპორტიორს საქართველოში „ომეგა მოტორსს“, სიგარეტის მწარმოებელ კომპანიას „ოჯთ“-ს, სტამბა „ომეგა თეგის“ და კორპორატიულ გაზეთს. 90-იან წლებს უკავშირდება სიგარეტის ორი დისტრიბუტორის - "ომეგასა" და "ელიზის" გახმაურებული საქმე, რომელიც ხშირად კრიმინალურ გარჩევებამდეც კი მიდიოდა.

მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ომეგას“ შევარდნაძის დროინდელი მინისტრები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, კახა თარგამაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი, ასლან აბაშიძე მფარველობდნენ.

იმავე პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შემოსული სიგარეტის მხოლოდ 20%-ის განბაჟება ხდებოდა.

ომეგაVS ელიზი

თამბაქოს პროდუქციის ორ დისტრიბუტორს შორის დაპირისპირება 1996-1997 წლებში დაიწო და თან სდევდა „საქმის გარჩევები“, ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება და სისხლისღვრაც კი. თუმცა, როგორც კომპანია „ელიზის“ დამფუძნებელი, თამაზ ელიზბარაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ეს არ იყო დაპირისპირება ორ კომპანიას შორის, არამედ რეალურად „ შავი“ და ლეგალური ბიზნესი ებრძოდა ერთმანეთს. ამის მიზეზი კი, როგორც ელიზბარაშვილი იხსენებს, მათ მიერ 1996 წელს დაწერილი კანონპროექტი იყო, რომელიც სიგარეტის ბიზნესს ლეგალურ ჩარჩოში აქცევდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ სწორედ ეს კანონპროექტი მაშინდელი მთავრობის იმ წევრების მტრად იქცა, ვინც არალეგალურ, შავ ბიზნესს მფარველობდნენ და მათგან დიდ შემოსავალსაც იღებდნენ.

„ვერ ვიტყვი, რომ "ომეგას" არ აწყობდა ბიზნესის გათეთრება, მაგრამ მის უკან ასლან აბაშიძე და კახა თარგამაძე იდგნენ, მათ ეს არ აწყობდათ, მე კი კანონპროექტის გამო ომი გამომიცხადეს,“-აღნიშნავს „ელიზის“ დამფუძნებელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„შავი პერიოდი“ ბიზნესში

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ოქუაშვილის რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის „ომეგა ჯგუფსა“ და „იბერიაში“ სპეცრაზმი შევიდა. სპეცრაზმის „სტუმრობის“ შემდეგ ტელეკომპანია „იბერიას“ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვეს და ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. იმავე პერიოდში იყო საუბრები, რომ ბიზნესმენმა, უფრო ზუსტად კი მისმა მეუღლემ, ნატო ჩხეიძემ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა ტელეკომპანიის დათმობის ხარჯზე დაალაგა. სპეცრაზმმა „ომეგა“ ჯგუფის კომპანიები დატოვეს და ამ ბიზნესს ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, ნატო ჩხეიძე უძღვებოდა, ზაზა ოქუაშვილი კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.

„ომეგასა“ და „ფილიპ მორისის“ უთანხმოება

2016 წლის დასაწყისში „ფილიპ მორისმა“ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს - ”ომეგა ჯგუფს” კონტრაქტი შეუწყვიტა. კომპანიები არ საუბრობენ თუ რა მოხდა დიდი ხნის პარტნიორებს შორის თითქმის 18-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, თუმცა როგორც ამბობენ, თბილისში არაფერი იმალება. ყოფილ პარტნიორებს შორის დავა სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნა. ერთი ვერსიით „ფილიპ მორისის მიერ“ „ომეგასთვის“ კონსიგნაციით მიწოდებული ნედლეულისთვის თანხის გადაუხდელობა იყო. მეორე ვერსიით კი დისტრიბუტორის მიერ მომწოდებლისგან მალულად სიგარეტის საქართველოს გარეთ, კერძოდ თურქეთში გატანა გახდა. ყოფილ პარტნიორებს შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა და გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შემდეგ „ფილიპ მორისმა“ „ომეგა ჯგუფის“ ნაცვლად სხვა დისტრიბუტორთან დაიწყო თანამშრომლობა.

დაბრუნება

ბიზნესმენი ოქუაშვილი საქართველოში 2013-2014 წლებში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა. იმავე პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ივანიშვილის კუთვნილ „მე-9 არხს“ ყიდულობდა, თუმცა, საბოლოოდ ტელეკომპანიის ყიდვაზე უარი თქვა.

ამის შემდეგ იყო უკვე ტელეკომპანია „იბერიას“ დაბრუნებაც, რომელმაც განახლებული ეთერით მაუწყებლობა 2015 წელს დაიწყო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბიზნესმენი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. ოქუაშვილი პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო და აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიის დამფუძნებელი, დავით თარხან-მოურავი ჩაანაცვლა. სამშობლოში დაბრუნების პარალელურად ოქუაშვილი ქართულ პოლიტიკაშიც დაბრუნდა. ის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ მთავარ დამფინასებლად ითვლება.

სამშობლოში დაბრუნების პარალელურად ოქუაშვილი ქართულ პოლიტიკაშიც დაბრუნდა. ის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად ითვლება.

ეს ერთგვარი გადათამაშება ბევრს უცნაურად მოეჩვენა, მით უფრო იმ განცხადებების ფონზე, რომელიც თარხან-მოურავმა დეპუტატის მანდატის ოქუაშვილის სასარგებლოდ დათმობის მიზეზად დაასახელა. თარხან-მოურავის თქმით, მისი მიზანი იყო აჭარის მთავრობას ჩადგომოდა სათავეში, მაგრამ ერთი მანდატით, რომელიც „პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მოიპოვა, ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას ვერ შეძლებდა და შესაბამისად აჭარის უმაღლეს საბჭოში დარჩენის აზრს ვერ ხედავდა. შესაბამისად, თარხან-მოურავის ადგილი აჭარის უმაღლეს საბჭოში სიის მეორე ნომერმა, ზაზა ოქუაშვილმა დაიკავა. ახლა გამოდის, რომ ჩხეიძე-ოქუაშვილის წყვილი ბიზნესთან ერთად გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციებსაც ფლობს -ნატო ჩხეიძე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია „პატრიოტთა ალიანსის“ სიით, მისი მეუღლე კი დეპუტატის მანდატს ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ბოლო პერიოდში, ზაზა ოქუაშვილის სახელი ე.წ. „პანამის დოკუმენტებში“ გაჟღერდა, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა მოამზადა და რომელშიც საუბარია იმ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც გადასახადებს თავს არიდებენ და ოფშორებში აქვთ ფირმები დარეგისტირებული. ამ მასალებით ირკვევა, რომ ზაზა ოქუაშვილი წილებს ოფშორში რეგისტრირებულ სამ კომპანიაში - Finley Trading-ში, DAGMAR FINANCE GROUP INC.-სა და Velsan Trading Corp-ში ფლობს.

P.S. ჩვენ რა თქმა უნდა, შევეცადეთ თავად ბიზნესმენს დავკავშირებოდით და რამდენიმე ეპიზოდი მისი ბიოგრაფიიდან მეტი ინფორმაციით შეგვევსო, თუმცა მოუცლელობის გამო ზაზა ოქუაშვილმა ინტერვიუზე უარი თქვა.

თაია არდოტელი