იმაში, რომ პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი თანმდევი კანონპროექტების გარეშე მიიღო, ამაში რაიმე სამართლებრივ დარღვევასა და კოლიზიას ვერ ვხედავ , - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი 2017 წლიდან შედის ძალაში. დეპუტატის თქმით, პარლამენტი უახლოეს ერთ კვირაში, დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებულ კანონპროექტებს და ისინი ყველა ერთად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი თანმდევი კანონპროექტების გარეშე მიიღო. საქმე ”საგადასახადო კოდექსში”, ”საბიუჯეტო კოდექსში”, ”სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონსა და ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ახალ საბიუჯეტო ინიციატივებს უკავშირდება.
აღნიშნული საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს რომან გოცირიძეს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არალეგიტიმურია.
”2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა, არის არალეგიტიმური. მის შემოსავლებში გათვალისწინებულია თანხები, რომელთა მობილიზება საწვავსა და ავტომობილებზე აქციზის ზრდის, ასევე ავტომობილების მფლობელთა ქონების გადასახადით დაბეგვრის გზით უნდა მოხდეს. ”საგადასახადო კოდექსში” შესაბამისი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ჯერ პირველი მოსმენითაც არ არის მიღებული. მისი განხილვა მხოლოდ დღეს იწყება. თეორიულად ხომ დასაშვებია, რომ პარლამენტმა ”საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებები არ მიიღოს - რა ხდება მაშინ?! უნდა მოხდეს ახალი ბიუჯეტის შედგენა?! ამაზე საჭიროა სამართლებრივი რეაგირება!”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” რომან გოცირიძემ.