„ენგურჰესთან“ დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თემაზე კომენტირების დროს განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ენგურჰესის“ გამართულად მუშაობა ენერგოსისტემისთვის მნიშვნელოვანია და გაზაფხულზე იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
"ჩვენთვის "ენგურჰესი" არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური ამიტომ, ამ სადგურის გამართული მუშაობა მთლიანად ენერგოსისტემისთვის არის მნიშვნელოვანი და ის გადაწყვეტილება, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ვგეგმავთ მარტ-აპრილში გავაჩეროთ ეს ჰიდროელექტროსადგური, რადგან გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობა არსებობს და ეს სამუშაოები განხორციელდება", - აღნიშნა კახა კალაძემ და განმარტა, რომ სემეკის გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გუშინ, შპს „ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესის" წარმოების ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სემეკ-ში აღნიშნავენ, ახალი ტარიფი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა. ”წარმოების ტარიფების ცვლილება სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება“, - აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში.