ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებას ბიუჯეტის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიუჯეტი პარლამენტში ერთი მოსმენით მიიღება, ხოლო მისი თანმდევი კანონპროექტები სამი მოსმენით, აქედან გამომდინარე სამართლებრივ პრობლემებზე საუბარი არაკვალიფიციურია.
,,კონკრეტული საკითხები მიმართულია ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ და არა შეფერხებისკენ. ვიმედოვნებთ, რომ თითოეული სვლა, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში, მოხმარდება ეკონომიკის გაჯანსაღებას. სტერეოტიპული მიდგომებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. მათ შორის იურიდიულ სფეროში. ბიუჯეტი ერთი მოსმენით მიიღება, თანმდევი კანონპროექტი სამი მოსმენით. სწორი სამართალებრივი პრაქტიკა უნდა დაინერგოს, რომ ერთი მოსმენით გასატანი კანონპროექტი და სამი მოსმენით გასატანი კანონპროექტი მაინც და მაინც ერთად არ უნდა განიხილოს. გარდა ამისა, თანმდევი კანონპროექტები ამოქმედებას ბიუჯეტს არ დაასწრებენ, აქედან გამომდინარე, არანაირი სამართლებრივი პრობლემა აქ არ არის. მათი ამოქმედების ვადები ერთმანეთს არ უსწრებს. სამართლებრივ პრობლემაზე საუბარი არაკვალიფიციურია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი თანმდევი კანონპროექტების გარეშე მიიღო. საქმე ”საგადასახადო კოდექსში”, ”საბიუჯეტო კოდექსში”, ”სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონსა და ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ახალ საბიუჯეტო ინიციატივებს უკავშირდება.
აღნიშნული საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს რომან გოცირიძეს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არალეგიტიმურია.
”2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა, არის არალეგიტიმური. მის შემოსავლებში გათვალისწინებულია თანხები, რომელთა მობილიზება საწვავსა და ავტომობილებზე აქციზის ზრდის, ასევე ავტომობილების მფლობელთა ქონების გადასახადით დაბეგვრის გზით უნდა მოხდეს. ”საგადასახადო კოდექსში” შესაბამისი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ჯერ პირველი მოსმენითაც არ არის მიღებული. მისი განხილვა მხოლოდ დღეს იწყება. თეორიულად ხომ დასაშვებია, რომ პარლამენტმა ”საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებები არ მიიღოს - რა ხდება მაშინ?! უნდა მოხდეს ახალი ბიუჯეტის შედგენა?! ამაზე საჭიროა სამართლებრივი რეაგირება!”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” რომან გოცირიძემ.