გაზის გაჟონვის ფაქტები ზამთრის სეზონის დადგომისთანავე მატულობს და ყოველწლიურად არაერთი შემთხვევა ფიქსირდება. თბილისში დღეს კიდევ ერთი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც არსებული ინფორმაციით, სწორედ გაზის ინტოქსიკაციით იყო გამოწვეული.
შემთხვევა, რომლის შედეგადაც ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალნენ, წყნეთის ქუჩაზე დილის საათებში მოხდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევებში ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზი გაუფრთხილებლობა იყო.
2014 წლიდან 2016 წლის 10 თებერვლამდე ბუნებრივი აირის გაჟონვით დაფიქსირებული - 167 შემთხვევიდან მხოლოდ 2 იყო თვითმკვლელობის მცდელობა. დანარჩენი 165 შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კი სწორედ გაუფრთხილებლობა იყო.
შსს-ს ცნობით, 2014 წელს საქართველოს მასშტაბით, გაზით ინტოქსიკაციის 51 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა, 51 კი მოიწამლა. 51-ვე ფაქტი გაუფრთხილებლობის გამო მოხდა.
2015 წლის მონაცემებით, გაზის გაჟონვის 55 ფაქტის შედეგად, დაიღუპა 36 და მოიწამლა 71 ადამიანი. დაფიქსირებული შემთხვევებიდან მხოლოდ 2 იყო თვითმკვლელობის მცდელობა.
2016 წლის იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში კი ბუნებრივი აირის გაჟონვის 30 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 12 და მოიწამლა 34 ადამიანი. ამჯერადაც ყველა შემთხვევის მიზეზი გაუფრთხილებლობა იყო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში, ანუ 3 თვის განმავლობაში, გაზით ინტოქსიკაციის 31 ფაქტი დაფიქსირდა.