ახალი წლის მოახლოება საახალწლო სამზადისის დაწყებას და შესაბამისად, საჭირო პროდუქტების შეძენას უკავშირდება. ამ დღეს ყველა ცდილობს ახალ წელს შეძლებისდაგვარად ბარაქიანი სუფრით შეხვდეს.
საახალწლო სუფრა შემწვარი გოჭის, ინდაურის საცივის, ყველის ასორტის, ჩურჩხელისა თუ გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელი. თბილისის საკოლმეურნეო ბაზრებში ყველა საჭირო ინგრედიენტი უკვე საკმაოდ უხვადაა წარმოდგენილი.
თბილისის ყველაზე დიდი „დეზერტირების“ ბაზრობა ჯერჯერობით ახალი წლის საყიდლებისთვის გამოსული კლიენტების ნაკლებობას უჩივის.
საახალწლო კერძის მთავარი „ინგრედიენტის“ - ინდაურის ფასი 65 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის. თუმცა გამყიდველთა თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ფასებიც მატებაც მოსალოდნელია. ნიგვზის ფასიც საკმაოდ მრავალფეროვანია, მისი ფასი 10 ლარიდან იწყება და 30 ლარს აღწევს. რაც შეეხება თაფლს, მისი ფასი ბაზარში 15 ლარია.
1 კილოგრამი ქათმის ფასი თბილისის ბაზრებში 5 ლარიდან იწყება და 25 ლარამდეც ადის. რაც შეეხება თევზეულს, ფასები აქაც სახეობების მიხედვით განსხვავებულია. გაყინული თევზის ფასი 4 ლარიდან იწყება და 45 ლარამდე ადის. ცოცხალი თევზის ფასი 15 ლარი, სათალი კი 25 ლარი ღირს.
ინდაურის მსგავსად, ბაზარზე გასაყიდად უკვე გამოიტანეს გოჭი, რომლის ფასი 80 ლარიდან იწყება და 110-მდე მერყეობს. რაც შეეხება საქონლისა და ღორის ხორცს, აქაც ფასები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელი ნაჭრის ყიდვა გსურთ და შესაბამისად 10 ლარიდან 13 ლარამდე მერყეობს. 8.5-დან იწყება და 13-14 ლარამდე ადის 1 კგ. ყველის ფასი.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ღვინის ფასი 1-დან 4 ლარამდე მერყეობს. შამპანურის ფასი კი მაღაზიებში 7 ლარიდან იწყება. ბაზარში ჩურჩხელის ყიდვა 1-დან 2.5-ლარამდეა შესაძლებელი.
ბაზრის მოვაჭრეთა თქმით, ჯერ მომხმარებლის აქტიურობა არ იგრძნობა. თუმცა წინა თვესთან შედარებით მყიდველები ცოტას გააქტიურდნენ და საახაწლოდ მარაგის შევსება დაიწყეს.
„ჯერ ბევრი ხალხი არ დადის, თუმცა წინა თვისგან განსხვავებით ხალხმა ბაზარში სიარული დაიწყო და ცოტ-ცოტას ახალი წლისთვის იმარაგებენ. დღეში 2 კილომდე ნიგოზს ვყიდი“ - ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.
„არავინ არ დადის ბაზარში, ხალხს ფული არ აქვს და რას იყიდიან? როგორც წესი, ხალხი უფრო მეტად თვის ბოლოს მოდის“, - ამბობს ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე.
მოვაჭრეთა თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს ახალი წლის წინა დღეებში ფასი მცირედით მოემატება, თუმცა როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ღირებულების რაოდენობა მაინც შემოსული საქონლის რაოდენობასა და მყიდველის მსყიდველობითუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული.
ლიკა ამირაშვილი