დავით ნარმანია - ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ლარით გაიზრდება

ბიუჯეტის წარმოდგენილი მოცულობა არ არის საბოლოო და წლის განმავლობაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი რამდენიმე ათეული ლარით გაიზრდება , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა.

მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი საზოგადოების საჭიროებებზე აბსოლუტურად მორგებულია და პირდაპირ პასუხობს იმას, რაც თბილისელებს სჭირდებათ.

”2017 წლის ბიუჯეტი საზოგადოების საჭიროებებზე აბსოლუტურად მორგებულია და პირდაპირ პასუხობს იმას, რაც ჩვენ თანამოქალაქეებს სჭირდებათ. ყველაზე მთავარი გამოწვევები რაც არის ქალაქში, ამ გამოწვევებზე რეაგირება სწორედ ამ ბიუჯეტით არის დაგეგმილი. რაც შეეხება მუნიციპალურ ჯანდაცვას და სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პაკეტებს, ყველა ის მუნიციპალური ვალდებულება რაც გვაქვს მოქმედი კანონმდებლობით, გათვალისწონებულია ბიუჯეტის პროექტში. ამიტომ არცერთი თეთრი ჩვენს თანამოქალაქეებს ამ თვალსაზრისით არ დააკლდებათ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობას, ნარმანიას განცხადებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ლარით გაიზრდება.

”ბიუჯეტის წარმოდგენილი მოცულობა, რომელიც 800 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, არ არის საბოლოო. ბუნებრივია, ჩვენ დამატებით შემოსავლებს ველოდებით, ისევე როგორც ეს წინა წლების შემთხვევაში იყო. ასე რომ, რამდენიმე ათეული ლარით წლის განმავლობაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება კიდევაც და ეს მიმართული იქნება იმ დამატებითი პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად, რაც ეტაპობრივად ჩვენს თანამოქალქეებთან კონსულტაციის გზით დავგეგმეთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.