საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ნოემბერში 142 ლარითა და 90 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 10 თეთრით მეტია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელზე 3 ლარითა და 90 თეთრით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2016 წლის ნოემბერში 270 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელზე 2 ლარითა და 20 თეთრით მეტია, წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე კი 7 ლარითა და 20 თეთრით ნაკლები.
საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა ნოემბრეში 161 ლარი და 40 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 30 თეთრით მეტი, ხოლო გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 4 ლარითა და 30 თეთრით ნაკლებია.
ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი ნოემბრის თვეში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი - 142 ლარი და 90 თეთრი, ორსულიანი ოჯახი - 228 ლარი და 40 თეთრი, სამსულიანი ოჯახი 257 ლარი 30 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახი 285 ლარი და 80 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახი 321 ლარი და 60 თეთრი, ექვსსულიანი ოჯახი 380 ლარი და 20 თეთრი.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე