ლარი უნდა გამყარდეს თუ არ უნდა გამყარდეს, ამას ჩვენ ნამდვილად ვერ დავგეგმავთ , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ეს არის საბაზრო მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი.
”ლარის კურსთან დაკავშირებით, უნდა გამყარდეს თუ არ უნდა გამყარდეს, ამას ჩვენ ნამდვილად ვერ დავგეგმავთ. ეს არის საბაზრო მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი და, შესაბამისად, აისახება ის, რა მოთხოვნა-მიწოდება არის ბაზარზე”, - განაცხადა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ასევე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის განცხადებას. ”აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით პირველ რიგში აუცილებელია აღინიშნოს, რომ შენიშვნების ოფიციალური პასუხი წარმოდგენილი იქნა ბიუჯეტთან ერთად. ყველა იქ დასმული საკითხი იქნა ახსნილი და შესაბამისი რეკომენდაციები, სადაც გასათვალისწინებელი იყო, გათვალისწინებულია.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურების და საშტატო რიცხოვნობის შემცირებას, ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი ძალიან ბევრ ორგანიზაციაში 10%-ით, ზოგან შედარებით ნაკლებით. რაც შეეხება საშტატო რიცხოვნობას, ჩვენ მივეცით საშუალება საბიუჯეტო ორგანიზაციებს და მათ ხელმძღვანელებს თვითონ გადაეწყვიტათ, რა მიმართულებით მოხდებოდა, იქნებოდა ეს შტატების შემცირება თუ შრომის ანაზღაურების ფონდის შემცირება იქ არსებული რესურსის ხარჯზე.
ამავდორულად ბიუჯეტში არის ჩადებული დამატებითი ვალდებულება სამინისტროებისთვის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ წლის განმავლობაში დამატებითი ოპტიმიზაცია გააკეთონ”, - განაცხადა კაკაურიძემ.