მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების (კანალიზაციის განწმენდი ნაგებობების ჩათვლით) რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდება.ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულს ითვალისწინებს ”ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6“, რომლის განხორციელების მიზნით სასესხო შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროში ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.
აღნიშნული შეთანხმებით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება შეღავათიანი ფინანსური რესურსი 99 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.
პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. პროექტის განხორციელება 2017 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება.