ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაცრდება.ცვლილებები შედის ”სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა.
ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გააცნო.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კანონპროექტი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა/ტარების რეგულაციების დაზუსტებას და კანონმდებლობის ნაწილობრივ გამკაცრებას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მთლიანი დანაშაულის 5% სწორედ იარაღის უკანონოდ ტარება/შენახვის პირობებშია ჩადენილი და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრების გარეშე პრევენციული ღონისძიებების გატარება გაძნელებულია.
წარმოდგენილი კანონპროექტით, სპორტული იარაღის და მისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქცია უცვლელად რჩება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა - სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.