2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს თბილისის საკრებულოში დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია პირადად წარადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განუცხადა. მისი თქმით, თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულმა სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით და ამ პროექტს დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
თბილისის მერიამ საკრებულოში 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი 9 დეკემბერს წარადგინა. მერიაში აცხადებენ, რომ დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად შეძლებისდაგვარად იყო გათვალისწინებული. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა პირვანდელ ვარიანტთან შედარებით მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა და ამჟამად 801 302 000 ლარს შეადგენს.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება.