2016 წლის ნოემბერში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 197 ერთეული შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის სააგენტო ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ბიზნეს სუბიექტების 95.3% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.7% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.959 დონეზე დაფიქსირდა. რეესტრის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (9.6%-ით), ასევე წინა წლის იმავე თვესთან (16.6%-ით) შედარებით.
2016 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 8.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 50.0%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 14.3%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 98.0%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.941 და 1.559 დონეებზე დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის ნოემბერში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 030 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 48.4%) და ინდივიდუალური მეწარმის (1 923 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 45.8%) სახით დარეგისტრირდა.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ბიზნესსუბიექტთა 94.2% ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 197 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 20 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 18 კოოპერატივი, 8 სააქციო საზოგადოება და 1 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.
2016 წლის ნოემბერში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მიხედვით ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული გამოიყო და აღნიშნული მონაცემების (წინა თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით) ზრდა/კლების ტენდენცია გამოვლინდა.