უკიდურესად მავნებლობა და უპასუხისმგებლობაა დღევანდელ ვითარებაში გადასახადების გაზრდა და ცხოვრების გაძვირება მთელი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას სთავაზობდა ბიუჯეტთან დაკავშირებით.
,,მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განცხადებას. სწორედაც რომ უკიდურესად მავნებლობა და უპასუხისმგებლობაა დღევანდელ ვითარებაში გადასახადების გაზრდა და ცხოვრების გაძვირება მთელი ქვეყნისთის, როცა ამას კიდევ ერთვის ცინიკური განცხადება, რომ თურმე ხალხმა უნდა დაივიწყოს დოლარის კურსი. ეს იგივეა, ხალხს ვუთხრათ, დაივიწყეთ რამდენი შემოსავალი გექნებათ. დაივიწყეთ, რომ სიღარიბე გაიზრდება. დაივიწყეთ, რომ თქვენს ოჯახებს კიდევ გაუჭირდებათ. ეს არის უპასუხისმგებლობა და მავნებლობა ივანიშვილის გუნდის და კერძოდ, კვირიკაშვილის. ჩვენ ვთავაზობთ მათ ძალიან კონკრეტულ გეგმას - შემცირებას ხარჯების და არგაზრდას აქციზის. მათივე გეგმით, ერთი თვის წინ რა ბიუჯეტიც ჰქონდათ წარმოდგენილი, იმ გეგმით შეუძლიათ, რომ არ გაზარდონ და შეამცირონ საშემოსავლო გადასახდი. ერთი თვის წინ მათ მიერ წარმოდგენილ და დღევანდელ ბიუჯეტს შორის არის დიდი განსხვავება. ორი თვის წინანდელი, მათივე არასწორი გეგმითაც შეუძლიათ, რომ არ გაურთულონ ხალხს ცხოვრება და დაწიონ გადასახადი”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 30%-ით ხარჯების შემცირება მათემატიკურად შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ხარჯების 10%-იან ოპტიმიზაციას აკეთებს.