საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო დღეს დასაქმების ფორუმს მოაწყობს. როგორც შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროში იუწყებიან, ფორუმი „ექსპო-ჯორჯიას“ მესამე პავილიონში 10:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი, რომლებიც აქტიურ ვაკანსიებს წარმოადგენენ.
სამუშაოს მაძიებლებს ფორუმზე შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, გააცნონ თავისი CV, სამუშაო გამოცდილება, უნარ-ჩვევები და მიიღონ ინფორმაცია შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ. კომპანიებს ვაკანსიები ექნებათ, ძირითადად, მომსახურების და წარმოების სფეროდან.
სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ პირებს უკვე შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ სახლიდან გაუსვლელად სოციალური მომსახურების სააგენტოს საიტის მეშვეობით.
www.ssa.gov.ge-ზე განთავსებული სპეციალური ბანერის მეშვეობით, შესაძლებელია worknet.gov.ge-ს შესაბამის ბმულზე გადასვლა და რეგისტრაცია. ვისაც ონლაინ- რეგისტრაციაზე არ მიუწვდება ხელი, მას შეუძლია სოციალური მომსახურების სააგენტოს ახლომდებარე ტერიტორიულ ერთეულს მიმართოს, სადაც რეგისტრაციაში დაეხმარებიან.