საქართველო ძალიან მდიდარია როგორც მტკნარი, ასევე მინერალური წყლებით. ამ სფეროში დაკავებული ადამიანების თქმით, ეს ძალიან მომგებიანი, პერსპექტიული დარგია, მაგრამ სრულყოფილ ოპერირებას მხოლოდ მსხვილი კომპანიები ახერხებენ. ბოლო წლებში მეზობელ ქვეყნებში დაწყებულმა კრიზისმა და ეროვნული ვალუტების გაუფასურებამ ყველაზე მეტად მცირე და საშუალო სეგმენტი დააზარალა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიების წარმომადგნელებმა ისაუბრეს.
სს „წყალი მარგებელის“ ექსპორტის მენეჯერი ლევან ჩიქოვანი აცხადებს, რომ პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ყველა მსხვილი კომპანია ჩვეული რიტმით ოპერირებს.
„ჩვენი კომპანია ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებს საქმიანობას. დსთ-ის სივრცეში შექმნილი კრიზისისა და ადგილობრივი ვალუტების გაუფასურების გამო პრობლემები მართლაც გვქონდა, ერთხანს ექსპორტიც შეგვიმცირდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეთ და ზრდა ისევ დინამიურად დაიწყო“, - აცხადებს ლევან ჩიქოვანი.
მისი თქმით, „წყალი მარგებელის“ პროდუქცია უკვე 25 ქვეყანაში იგზავნება და კომპანია ცდილობს გასაღების ბაზარი სულ უფრო მეტად გააფართოოს.
„ბოლო მიმართულება არის კორეის მიმართულება, აქტიურად ვმუშაობთ ევროპის ქვეყნებზეც და იქაური ბაზრების ათვისებას ვცდილობთ. გეგმები გვაქვს ირანის, ისრაელის, სპარსეთის ყურის და არაბული ქვეყნების მიმართულებითაც, ასევე ვმუშაობთ ჩინეთის ბაზარზე შესასვლელად. საცდელი პარტიები ირანში უკვე გავუშვით და ლიცენზიაც მოვიპოვეთ. იაპონიაშიც უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება, რეგისტრაციის პროცესიც გავიარეთ და უკვე ვგეგმავთ ახალი პარტიის გაგზავნას. „ნაბეღლავი“ კორეაში უკვე იყიდება და სულ მალე იაპონიაშიც გამოჩნდება. ვმუშაობთ ამერიკაში, კანადაში, თურქეთში, ასე რომ, ერთ რომელიმე რეგიონზე, ან ქვეყანაზე არა ვართ დამოკიდებული. მართალია, დსთ-ის ქვეყნებში ქართული პროდუქცია უფრო ცნობადია, მაგრამ არ გვსურს რომელიმე რეგიონზე ვიყოთ დამოკიდებული. ჩვენი ექსპორტი სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება და ამის გამო რაღაც განსაკუთრებული პრობლემები არა გვაქვს“, - ამბობს ლევან ჩიქოვანი.
სულ სხვა სიტუაციაა მცირე და საშუალო ბიზნესში, რომელსაც გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს: „ისევ მსხვილ ბიზნესმენებს უწყობენ ხელს, რომლებსაც მილიონები აქვთ, ამიტომ ამ ბაზარზე დამკვიდრება ძალიან რთულია“, - აცხადებს შპს „ფლატეს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მერაბ კუბლაშვილი.
„მიუხედავად იმისა, რომ „ფლატე“ ძალიან კარგი წყალია, ჩვენ ვერ შევძელით იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელსაც უცხოეთის ბაზარი მოითხოვს. ელემენტარულად, მინის ჭურჭლის პრობლემაც ვერ მოვაგვარეთ: არც ისე დიდი თანხა გვჭირდებოდა, მაგრამ არავინ დაგვეხმარა. სერიოზული უზრუნველყოფის გარეშე ბანკიდან თანხასაც ვერ გამოიტან, ამიტომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე მცირე რაოდენობით გაგვაქვს. ბელორუსში გავიტანეთ რამდენჯერმე, ცოტა ხნის წინ „ფლატე“ რუსეთშიც შევიდა, ასევე - ყაზახეთსა და თურქმენეთშიც, მაგრამ ამას მუშაობა არ ჰქვია. თუ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არ იქნება, ჩვენი მსგავსი კომპანიების არსებობა განწირულია. სხვათა შორის, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა არის, მაგრამ მის ექსპორტს უსახსრობის გამო ვერ ვახერხებთ. ქართულ ბაზარზეც მცირე რაოდენობით ვყიდით. ამხელა ხარჯი გავწიეთ, ამხელა ქარხანა ავაშენეთ და სულ ტყუილად! სხვათა შორის, „ფლატე“ აშშ-შიც გავაგზავნეთ და ძალიან მოეწონათ, მაგრამ ახლა პროდუქციის შეტანას მინის ბოთლებით მოითხოვენ, რასაც ვერ ვახერხებთ. მინერალური წყლების ექსპორტს საქართველოდან მხოლოდ მსხვილი კომპანიები ახერხებენ, მათთან კონკურენციის გაწევა კი ძალიან რთულია“, - აღნიშნავს მერაბ კუბლაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ მომგებიანი საქმეა, მინერალური წყლების ბაზარზე თავის დამკვიდრება მართლაც რთულია - გვითხრა კომპანია „წაღვერის“ დირექტორმა ნანა არევაძემ.
„კომპანია „წაღვერი“ საქართველოში კარგა ხანს მუშაობდა, მაგრამ სააკაშვილის დროს ლიცენზია ჩამოგვართვეს. ორი წლის წინ ლიცენზია ვიყიდეთ და ყველაფერი ხელახლა დავიწყეთ. ახლა უკვე იმ კონდიციამდე მივედით, რომ 2017 წლის გაზაფხულზე ქარხანას ავამუშავებთ. „წაღვერი“ საუკეთესო წყალია: მასში არის გაცილებით მეტი ორვალენტოვანი რკინა, ვიდრე „ბორჯომში“, ასევე - ნატრიუმი და კალიუმი. ის შეუცვლელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. წარმოების რეაბილიტაციაზე უკვე ორი წელია ვმუშაობთ, წყალი ჯერ არ გამოსულა, მაგრამ პრობლემებს რა გამოლევს: უკე ვიხდით გადასახადებს და ამ პერიოდის განმავლობაში 20 ათასი ლარი ბიუჯეტში უკვე შეტანილი გვაქვს“, - ამბობს ნანა არევაძე.
მისი თქმით, როდესაც ბაზარზე ოპერირებს „ბორჯომი“ და „ნაბეღლავი“, იქ ადგილის პოვნა არც ისე ადვილია: „ჩვენ საშუალო ბიზნესი გვაქვს, ასეთ ბიზნესს კი, მსხვილ ბიზნესთან პაექრობა ყოველთვის უჭირს, ამიტომ ვეცდებით, რომ „წაღვერის“ უნიკალური თვისებებით ვისარგებლოთ და ამ ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიკავოთ. მომავალში გაფართოებას და სასმელი წყლის ჩამოსხმასაც ვგეგმავთ“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
ხათუნა ჩიგოგიძე