მარნეულის მუნიციპალიტეტში 1 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურება აღდგება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შაუმიანის მექანიკური სარწყავი სისტემის და იმირასანის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. როგორც  შპს „საქართველოს მელიორაციიდან“ იუწყებიან, პროექტით გათვალისწინებულია 10 კილომეტრი სიგრძის დახურული საირიგაციო ქსელის მოწყობა, რომელიც დაბა შაუმიანისა და სოფელ ხიხანის 1 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწებს მოამარაგებს სარწყავი წყლით. დღეისათვის უკვე გაყვანილია 4 კილომეტრი მილსადენი. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 2 734 375 ლარია, 2017 წელს დასრულდება.