პარლამენტმა ”საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. პარლამენტის პლენარულ სესიაზე მოხსენება დეპუტატმა გიორგი კახიანმა გააკეთა, რასაც ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხზე მომხსენებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს ელოდა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონპროექტზე გავლილია კონსულტაციები როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან და მის ხელმძღვანელობასთან და პოზიცია შეჯერებულია.
”ეროვნული ბანკი საერთოდ რა ნამუსით შემოდის პარლამენტში ამდაგვარი თხოვნით, როდესაც ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა ბანკებთან დაკავშირებით? ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ამ დარბაზში ყოფილიყო პრეზიდენტი, მაგრამ იმედია მობრძანდება აქ და ძალიან სერიოზული შეკითხვები გვაქვს მასთან”, - განაცხადა ადა მარშანიამ.
წარმოდგენილი კანონის პროექტით ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, ხოლო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებით სარგოს ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. გარდამავალ ნორმად განსაზღვრულია, რომ პარლამენტის მიერ ზემოხსენებული პირების დამატებითი სარგოების განსაზღვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა. კონკრეტული აქტის ამოქმედებამდე კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სარგოს დამტკიცების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.