”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მიმართავს, გრძნობს თუ არა უხერხულად თავს იმის გამო, რაც ქვეყანაში ბანკებსა და მოქალაქეებს შორის ხდება. გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე კანონპროექტი წარადგინა, რის შემდეგაც დეპუტატებმა მას კითხვებით მიმართეს.
”ბატონო კობა, მე თქვენ არ გიცნობთ, პირველად გხედავთ ცხოვრებაში და რადგან თქვენ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანდებით, შეკითხვა მაქვს თქვენთან, გრძნობთ თუ არა თავს უხერხულად იმ ფონზე და ვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბანკების ირგვლივ სუფევს, ვგულისხმობ ურთიერთობას მოქალაქეებსა და ბანკებს შორის. თქვენ მოგეხსენებათ ჩემზე უკეთესად, რა ურთიერთობებში ვართ ჩვენ, მოქალაქები და საქართველოში არსებული ბანკები. მაინტერესებს ასევე, თუ გრძნობთ თავს უხერხულად, რას აპირებთ ამ მიმართულებით, აპირებთ თუ არა სასწრაფოდ მიიღოთ ზომები და გაატაროთ რეგულაციები. დიმიტრი ქუმსიშვილის თხოვნით მოგმართეთ თქვენ, რადგან მან ბრძანა, რომ ეს მისი საქმე საერთოდ არ არის, რაც გასაკვირია, რომ თურმე ფინანსთა მინისტრის საქმე საერთოდ არ არის, რაც ამ ვითარებაში ხდება ქვეყანაში. ეს პოლიტიკურად საერთოდ გაუგებარია”, - მიმართა ადა მარშანიამ კობა გვენეტაძეს.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა თუ რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი პარლამენტისგან, მიიღოს კანონპროექტი, რომლითაც ის დამატებით სარგოს ითხოვს.
”შემოსულია კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. თქვენ ითხოვთ, დამატებითი სარგო დაგიმტკიცოთ პარლამენტმა. ეს ჯადოსნური სიტყვა ”სარგო” მიღებულია ქვეყანაში, მაგრამ უფრო ნამუსიანი ხომ არ იქნებოდა, შეგემსუბუქებინათ ბანკების ეს წნეხი ჩვენს მოქალაქეებზე და მერე შემოსულიყავით ამდაგვარი თხოვნით ჩვენდამი”, - აღნიშნა ადა მარშანიამ.