კობა გვენეტაძე - დროთა განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები მცირდებოდა და ეს პროცესები ახლაც მიმდინარეობს

დროთა განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები მცირდებოდა და ეს პროცესები ახლაც მიმდინარეობს, ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ ადა მარშანიას შეკითხვას უპასუხა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, კომერციული ბანკები არიან შუამავლები, რომლებიც ერთი მხრივ, აგროვებენ სახსრებს და მეორე მხრივ, ახორციელებენ ამ სახსრების გასესხებას.

„ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ზოგადად პროექტების განხორციელება, სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და ა.შ. საქართველოში ფუნქციონირებს საბანკო სისტემა და საბანკო სისტემა ზოგადად, არის სისხლძარღვი ქვეყნის ეკონომიკის“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთები არა ერთი, არამედ ზოგადად სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

„დროთა განმავლობაში საპოცენტო განაკვეთები მცირდებოდა. ეს პროცესები ახლაც მიმდინარეობს. ეს სტატისტიკა გამოქვეყნებულიც არის, მაგალითად, საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე 2009 წელს 17%-დან, დღეს შემცირებულია 10%-მდე. საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში გაცემულ ოპოთეკურ სესხებზე 11%-დან 8%-მდეა შემცირებული. ანუ ეს პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის და თავიდან ნდობა ქართული საბანკო სისტემისადმი იყო ძალიან მცირე. შეუძლებელი იყო, რომ თავიდანვე დაბალი პროცენტები ყოფილიყო. ეს მაღალი პროცენტები, რაც იყო, დროდადრო მცირდება და იმედი მაქვს, კიდევ გაგრძელდება ამ პროცენტების შემცირება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შენარჩუნდება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და იქნება კონკურენცია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია არის სტაბილური ფასების მიღწევა, სტაბილური ინფლაცია და ზოგადად, დაბალი ინფლაცია ასევე განაპირობებს იმას, რომ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები იყოს დაბალი.

მისივე თქმით, დაახლოებით, მარტიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რეჟიმიდან გამოსვლა, ანუ ძირითადი საპროცენტო განაკვეთის შემცირება, „რაც აისახა კიდევაც საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე და ეს პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს“.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, კიდევ ერთი მიმართულება ეს არის მომხმარებელთა დაცვის გაძლიერება. ამასთან დაკავშირებითაც ძალიან აქტიურად მუშაობს სებ-ი, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს მსესხებლებს სესხებთან დაკავშირებით.

„ანუ მსესხებელს არ უნდა ჰქონდეს რაიმე მოულოდნელობა, როდესაც ის სესხს აიღებს, იმ სესხის პირობებთან დაკავშირებით. ჩვენ ცოტა ხანში გამოვცემთ კიდევ ახალ დოკუმენტს, რომლითაც უფრო მეტი გამჭვირვალობა მოეთხოვება კომერციულ ბანკებს და გამსესხებლებს, რათა მსესხებლებს უფრო მეტი ინფორმაცია მიეცეთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მიმართა, გრძნობს თუ არა უხერხულად თავს იმის გამო, რაც ქვეყანაში ბანკებსა და მოქალაქეებს შორის ხდება.