ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ დღეს ინტერვენციის მექანიზმის გამოყენება კონტრპროდუქტიული იქნება. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა , როდესაც ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას უპასუხა.
როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, ინტერვენცია არის ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი და იმის მიხედვით იყენებენ, თუ რა სიტუაცია არის.
”თუ ჩვენ ვხედავთ, რომ არის ცვლილებები ფუნდამენტურ ფაქტორებში, ამ შემთხვევში ჩარევას და ამ ინტერვენციას არ ექნება არანაირი დადებითი შედეგი. ხოლო თუ ვხედავთ, რომ არის რამე ერთჯერადი ტრანზაქციები, რომელმაც დროის მოკლე განაკვეთში შესაძლოა კურსის ცვლილება გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ ინტერვენციებს. ეს გაცხადებულია ჩვენი ეროვნული ბანკის მიერ და ეს დევს ჩვენს სტრატეგიაში.
ვფიქრობ, ჩვენი ყველა ინტერვენცია, რომელიც დაწყებული მარტიდან, როდესაც ვყიდულობდით ვალუტას და შემდეგ, როდესაც გარკვეული ინტერვენციები გაკეთდა და გაიყიდა, ზუსტად შესაბამისობაში იყო ჩვენს სტრატეგიასთან”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება კითხვას, ახლა რატომ არ ახორციელებს ეროვნული ბანკი ინტერვენციებს, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მისი გამოყენება კონტრპროდუქტიული იქნება.
”საგარეო ფაქტორებიდან გადმოცემული შოკების სიძლიერე გაიზარდა. დოლარმა თავის ისტორიულ სიძლიერეს მიაღწია. ამავე დროს საკმაოდ დიდი გაუფასურება ჰქონდა თურქულ ლირას და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ამ მექანიზმის გამოყენება კონტრპროდუქტიული იქნებოდა”, -განაცხადა კობა გვენეტაძემ.
რა შოკები იყო ისეთი, რომლის განეიტრალებასაც ცდილობდით აგვისტო-სექტემბერში, როდესაც თქვენ აქტიურად ჩაერიეთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებით, - ამ კითხვით მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ, კობა გვენეტაძეს.
დეპუტატი დაინტერესდა, ახლა რატომ აღარ ახორციელებს ეროვნული ბანკი ინტერვენციებს.
”რა შოკები იყო ისეთი, რომლის განეიტრალებასაც ცდილობდით აგვისტო-სექტემბერში, როდესაც თქვენ აქტიურად ჩაერიეთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებით და პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს აჩუქეთ ლარის კურსი 2,3. ახლა რაც ხდება შესაძლებელია არის სწორედ ის დაგროვილი რისკები, რაც იმთავითვე ნათელი იყო.
რატომ არ ერევით ახლა, როდესაც ხდება ქვეყანაში ის, რაც ხდება”, - მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კობა გვენეტაძეს.