პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ 2017-2019 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს მხარი დაუჭირა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ინფლაციის თარგეთი - 4% - 2017 წელს და 3% - 2018-2019 წლებში - ოპტიმალური ნიშნულია და ადეკვატურად პასუხობს საქართველოს ეკონომიკის წინაშე დღეს მდგარ გამოწვევებს მაკროეკონომიკური და მათ შორის, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკს გარკვეული რეკომენტაციების გათვალისწინებაც ურჩია.
„სამომავლოდ ,,ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ დოკუმენტს ეროვნულმა ბანკმა სასურველია, დაურთოს ანალიტიკური მასალა, გათვლები, საკუთარი ხედვა, არგუმენტაცია და პოზიცია, თუ რატომ მიაჩნია ესა თუ ის ინფლაციის მაჩვენებელი მისაღებად და რა შედეგის მომტანი იქნება იგი მონეტარული კუთხით, ფისკალური კუთხით, მაკროეკონომიკური კუთხით მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში; უფრო გაშალოს რა შემთხვევაში, რა პირობებში, როგორ და რა ზომით ფიქრობს ორგანული კანონით განსაზღვრული მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას. ამასთან, ფართოდ, დეტალურად და მიუკერძოებლად მიმოიხილოს არსებული ეკონომიკური რეალობა, მოქმედი და შესაძლო რისკები და მათი გათვალისწინებით წარმოადგინოს მოვლენების განვითარების საკუთარი პროგნოზი და მათზე დაფუძნებული ოპტიმისტური, პესიმისტური თუ რეალისტური სცენარები“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.