დოლარი ყველა ქვეყნის ვალუტასთან არის მნიშვნელოვნად გამყარებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ის ეყრდნობა ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც გააჩნიათ.
”მე არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი კარგად არის. ვეყრდნობით მონაცემებს, რაც გვაქვს. სამი კვარტლის მონაცემებით, ნამდვილად გაიზარდა ტურიზმის შემოსავალი. რაც შეეხება გაუფასურებას, ჩვენ თუ შევხედავთ, დოლარი ყველა ქვეყნის ვალუტასთან არის მნიშვნელოვნად გამყარებული. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დოლარს ჰქონდა 2012 წელს და ამ მაჩვენებელთან დოლარი ძალიან ახლოსაა მისული. გუშინდელი გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალური ბანკის ერთ-ერთი წინაპირობა იყო იმ მოლოდინების შესაქმნელად, რომ გაიზრდებოდა განაკვეთი და დოლარის კურსში იყო ასახული არა მხოლოდ საქართველოში”, - განაცხადა კაკაურიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ”თუ ყველაფერი კარგად არის, თუ ინვესტიციები იზრდება, თუ ტურიზმის შემოსავალი იზრდება, თუ ეკონომიკა წინ მიდის, თუ ყველაფერი კარგად არის და ამის მიუხედავად ლარი მაინც უფასურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ აღარც გამოსწორდება არაფერი”. ბაქრაძე მთავრობას მოუწოდებს, რომ ილაპარაკოს იმაზე, რაც რეალურია.
”როდესაც ამტკიცებთ, რომ ყველაფერი კარგად არის და ამის მიუხედავად ლარი უფასურდება, თქვენ ამით მომავლის უკეთესობის იმედს კლავთ. თუ ყველაფერი კარგად არის, თუ ინვესტიციები იზრდება, თუ ტურიზმის შემოსავალი იზრდება, თუ ეკონომიკა წინ მიდის, თუ ყველაფერი კარგად არის და ამის მიუხედავად ლარი მაინც უფასურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ აღარც გამოსწორდება არაფერი. ამიტომ, ეს მესიჯი, რომ ყველაფერი კარგად არის და მაინც ყოველდღიური უარესობაა, ნიშნავს იმას, რომ უკეთესობა აღარ გვექნება საერთოდ. ვთხოვ მთავრობას, რომ ეს ყველაფერი კარგად გაიაზროს. ის კი არ არის გამოსავალი, რომ დაგვიმტკიცოთ ყველაფერი კარგად არის მაშინ, როდესაც ჩვენი მოსახლეობა თავის თავზე გრძნობს, რომ ცხოვრება უკან მიდის. ამიტომ, ნამდვილად მირჩევნია თქმა, რომ შემცირდა ინვესტიციები, რაც არის ლარის გაუფასურების მიზეზი”, - მიმართა ბაქრაძემ კაკაურიძეს უმცირესობის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხზე უსმენენ.