სერგი კაპანაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - ლარმა დღესაც ანტირეკორდი მოხსნა

ლარმა დღესაც ანტირეკორდი მოხსნა, „ბლუმბერგზე“ 2.7 ფიქსირდება, სხვა სავაჭრო ობიექტებზე 2.71-ზეც ავიდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგი კაპანაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მიმართა , რომელიც საპარლამენტო უმცირესობასთან 2016 წლის ბიუჯეტში წარმოდგენილ ცვლილებებზე საუბრობს.

სერგი კაპანაძემ მინისტრის მოადგილეს 10 პრობლემა დაუსახელა, რომელიც ლართან კავშირშია. პრობლემების ჩამოთვლის შემდეგ კი სერგი კაპანაძემ გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, რა ტიპის მიდგომები იქნება გაისად ლართან დაკავშირებით.

„მინდა შევეხო 10 პრობლემას, რომელიც არსებობს: - 1. მუდმივად ვხედავდით ეროვნულ ბანკზე შეტევას, მათ შორის ბატონ ქადაგიძეზე; 2. ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს ისეთი მიდგომა, რაც ხელს უშლის უცხოელი ინვესტორების შემოსვლას და მიწების ყიდვას, რის გამოც ასეულობით მილიონი იკარგება; 3. სავიზო რეგულაციები იყო სერიოზული პრობლემა, რამაც შეამცირა უცხოელების საქართველოში შემოსვლა და ფულადი ნაკადების შემოდინება; 4. პრობლემად რჩება ის, რომ ყადაღების შედეგად რამდენიმე ასეული მილიონი ლარი არის ამოღებული ეკონომიკური ბრუნვიდან და სასამართლო პრაქტიკა, რომელიც არის პრობლემატური; 5. ვხედავთ რომ ინვესტიციები არის შემცირებული; 6. განსაკუთრებით პრობლემატურია ხელისუფლების გზავნილები, ხელისუფლებას აღარ აინტერესებს ლარის საკითხი; 7. ბიუროკრატიული ხარჯები; 8. არაეფექტური განაწილება ხარჯების; 9. დეფიციტის ზრდა; 10. შიდა ვალის ზრდა.

ამის შედეგად მაქვს კითხვა, ამ ყველაფრის ფონზე, დიდი ალბათობაა, რომ ეს გაუფასურება გაგრძელდება, გაისადაც იგივე ტიპის მიდგომა იქნება ბიუჯეტის მიმართ? ასე თვალის დახუჭვა პრობლემებზე, თქმა, რომ ლარი არ არის პრობლემა, კურსი არის სტაბილური, მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს ამის და იგივე მცდარი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება, შემოსვლა პარლამენტში, ისევ კორექტირება, იგივე ხარჯების გაზრდა, ვართ ჩაკეტილ წრეში, რომლისგანაც გამოსავალი არ ჩანს“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.