საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, კლინიკებს საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული თანხა სახელმწიფოსგან 5-6 თვის დაგვიანებით ერიცხებათ. როგორც ჭიაბერაშვილმა 2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით უმცირესობისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეხვედრაზე განაცხადა, კლინიკებს მაისისა და ივნისის თანხები ახლახანს ჩაერიცხათ.
”მაინტერესებს, დავალიანებები რა არის კლინიკების მიმართ? ვალდებულებები რა აქვს სახელმწიფოს? კლინიკებს ახლა ჩაერიცხათ ზოგს მაისის, ზოგს ივნისის თანხა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება 5-6 თვის დაგვიანებით. ამ თანხებზე დამოკიდებულია არა მარტო მედპერსონალის ხელფასები, არამედ მედიკამენტების შეძენა საავადმყოფოების მიერ. ასევე, ამის შედეგად ძვირდება მკურნალობაზე გადასახადი იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან დროულად ვერ იღებს თანხებს კლინიკები. შესაბამისად, ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფული მკურნალობისთვის მუდმივად იზრდება და იზრდება ასეთი უყაირათო ხარჯვის გამო”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით კი, ამ მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმაში ისიც იქნება განსაზღვრული, რომ გადახდის ვადები მაქსიმალურად შემცირდეს.
”ზოგადად, პროცედურა რაც არის, საავადმყოფოები თვის დასრულებიდან გარკვეული ხნის ვადაში წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს, შემდეგ ხდება ამის გადამოწმება და დაახლოებით სამი თვის შემდეგ იწყება თანხების გადახდა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მომდევნო წლის რეფორმის ნაწილზე, ამ რეფორმაში ისიც იქნება გათვალისწინებული, რომ გადახდის ვადები მაქსიმალურად შემცირდეს და საავადმყოფოებიდან სისტემატურად ხდებოდეს დოკუმენტაციის წარმოდგენა და შესაბამისად, უფრო დროულად მოხდეს დოკუმენტაციის დამუშავება”, - განაცხადა კაკაურიძემ.