მეც ვიტყუებოდი ახალგაზრდობაში და ხომ ხედავთ, ცხვირი გრძელი მაქვს, თქვენც ძალიან დაგიგრძელდებათ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა , რომან გოცირიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს უმცირესობის სხდომაზე, სადაც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
გოცირიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო არასწორ პოლიტიკას ატარებს, ხოლო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
მისივე შეფასებით, უწყებამ ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხების ხარჯვა ნაადრევად დაიწყო.
”თქვენ ისევ მოიტყუეთ. რამდენჯერ გითხარით, რომ მატყუარა ხართ. მეც ვიტყუებოდი ახალგაზრდობაში და ხომ ხედავთ, ცხვირი გრძელი მაქვს. თქვენ ძალიან დაგიგრძელდებათ. მერე ვისწავლე ჭკუა და ხომ ხედავთ, დაფიქსირდა... თქვენ თქვით, რომ ახლა მეტი ფული ამოიღეთ და სახაზინო ვალდებულებებით ფულის მასა არ გაზარდეთ. დღეს მართლაც გადააჭარბა ძველ ნაშთებს ახლად არსებულმა ნაშთებმა, მაგრამ როდის გადააჭარბა? გადააჭარბა სამი დღის წინ, როდესაც თქვენ აზიის განვითარების ბანკისგან 100-მილიონიანი კრედიტი მიიღეთ და ფული ჩაგერიცხათ 250 მილიონი ლარი, თუმცა სანამ ეს ჩაგერიცხებოდათ, 400 მილიონის გარღვევა გქონდათ. 400 მილიონით მეტს იღებდით, 200 მილიონს იღებდით ნაშთებიდან, 180 მილიონი კი გადააჭარბეთ სახაზინო ვალდებულებებიდან. ისევ იტყუებით, რომ აქ 100 მილიონით არის გადაჭარბებული, ამ 100 მილიონში 180 მილიონი ხომ უკანონოდ აღებული შიდავალია? შემოსულობებში ხომ დევს შიდა ვალი ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მინუსში მაინც ხართ. ახლა რომ არ დაგიკანონოთ თქვენ ეს 180 მილიონი, ამ წუთას თქვენ უკვე 80 მილიონით მეტი გაქვთ დახარჯული ნაშთებიდან, ვიდრე იყო საწყის მდგომარეობაში. თანაც ეს სამი დღის წინ მიიღეთ და ამ ფულს სამი თვის წინ ხარჯავდით, ეს ხომ ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხებია,”- მიმართა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.