საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ტექნოლოგიური კომპანიების შესარჩევად კონკურსს აცხადებს. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან იუწყებიან, კონკურსის შედეგად შერჩეულ კომპანიებს სააგენტო საერთო სამუშაო სივრცეს უფასოდ დაუთმობს.
გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი იდეები ტექნოპარკის სივრცეში დახვეწონ და განავითარონ. სამუშაო სივრცის გარდა, შერჩეულ კომპანიებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იზოლირებულ ოთახებსაც შესთავაზებს.
კონკურსის პირობების თანახმად, შერჩეულ კომპანიებს სამუშაო მაგიდები საერთო სამუშაო სივრცეში ან იზოლირებულ ოთახში, 3-დან 12 თვემდე უსასყიდლოდ დაეთმობათ. ამ გარემოში მათ სრულ განაკვეთზე მუშაობა შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭება სტარტაპებს, ასევე IT კომპანიებს, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ. GITA-ს საერთო სამუშაო სივრცეში უკვე სამი IT კომპანიაა, რომლებიც თავიანთ პროექტებზე მუშაობენ.
”თუ კომპანიებს დამწყები, ინოვაციური ბიზნესი ექნებათ, მათ პრიორიტეტი მიენიჭებათ, მაგრამ ასევე ვიღებთ IT კომპანიებს, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ უკვე გვაქვს საერთო სამუშაო სივრცე, რომელშიც სამი კომპანია უფასოდ არის განთავსებული. ისინი თავიანთ პროექტებზე მუშაობენ, წერენ პროგრამებს, ან აკეთებენ ვებ საიტებს, მობილურ აპლიკაციებს და ა.შ. ვფიქრობთ და ვგეგმავთ ამ სერვისის გაფართოებას, ვაცხადებთ კონკურსს დამატებით კიდევ რამდენიმე კომპანიის მიღებაზე, რომლებსაც საერთო სამუშაო სივრცე სჭირდებათ. ამასთან ერთად, ვაპირებთ მათ რამდენიმე ცალკეული ტიპის ოთახი დავუთმოთ”, - განმარტა GITA-ს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, გიორგი ლალიაშვილმა.
საერთო სამუშაო სივრცეში მუშაობა კომპანიებისთვის გარკვეული უპირატესობებით სარგებლობის საშუალებაა. ამჟამინდელი გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიები, რომლებიც საერთო სამუშაო სივრცეში საქმიანობენ, წარმატებით თანამშრომლობენ და ერთმანეთს გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი კომპანიების აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 2017 წლის 10 იანვარია. 10 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით გასაუბრება გაიმართება.
”საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში მონაწილეობს.
სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი პროექტებისა და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების წარმართვა და კოორდინირება.
დარეგისტრირდით აქ, - ნათქვამია ინფორმაციაში.