"იაპონიის პორტებში 10 ათასი მანქანაა გაჩერებული, რომლებზეც საქართველოში აქციზის გაზრდილი გადასახადი გავრცელდება"

იაპონიის პორტებში აქციზის ზრდასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების დაანონსებამდე შეძენილი 10 ათასი ავტომობილია გაჩერებული, რომელთაც აქციზის გაზრდილი ტარიფები შეეხება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ 10 ათასი ავტომობილის შეძენა მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ანუ მთავრობის მიერ ცვლილებების დაანონსებამდე მოხდა, მაგრამ ტრანსპორტირება ამ დრომდე არ დაწყებულა, რადგან იქაური საზღვაო ხაზებისთვის არაპრიორიტეტულ ტვირთად ითვლება.

„კანონპროექტის თანახმად, ძველი ტარიფებით მხოლოდ ის ავტომობილები განბაჟდება, რომლის საზღვაო ტრანსპორტირება ცვლილებების დაანონსებამდე, 1 დეკემბრამდე დაიწყო. ამ ჩანაწერმა მთლიანი საავტომობილო ბაზრის პარალიზება მოახდინა. რადგან იმ ავტომობილების ტრანსპორტირება, რომელთა შეძენა რეალურად ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში მოხდა, ჯერ არ დაწყებულა. ავტოიმპორტიორი კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციით კი იაპონიის პორტში ასეთი 10 000 ავტომობილია გაჩერებული. შესაბამისად მათზე უკვე აქციზის სამმაგი ოდენობის ტარიფი დაწესდება. საზღვაო ხაზებისთვის ეს ტვირთი პრიორიტეტული არ არის. მით უმეტეს წინასაახალწლოდ, როცა უპირატესობა საახალწლო პროდუქციას და მალფუჭებად პროდუქტს ეხება. ამას ემატება კლიმატური პირობებიც, რაც ვადების დარღვევას იწვევს,“ -აღნიშნავს ურუშაძე.

როგორც ურუშაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ისინი პრეზიდენტისგან არსებულ ცვლილებებზე ვეტოს დადებას მოითხოვენ. სწორედ ეს იქნება მთავარი გზავნილი მათ მიერ დაგეგმილ აქციაზე, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან ხვალ გაიმართება. მისივე ცნობით, არსებული სახით კანონპროექტის მიღება ბიზნესსექტორის გაკოტრებას გამოიწვევს.

„ავტოიმპორტიორი კომპანიები ცუდ დღეში არიან, რადგან ის მოქალაქეები, ვინც მანქანა 1 დეკემბრამდე იყიდეს, თუმცა ტრანსპორტირება ჯერ არ დაწყებულა, მათ შეძენაზე უარს ამბობენ, რადგან აქციზის სამმაგი ოდენობის გადახდა უწევთ. ასეთ შემთხვევაში, ეს ავტომობილები, რომელთა რიცხვი დაახლოებით, 10 ათასია, კომპანიის ბალანსზე აღმოჩნდება. მაგრამ კომპანიათა უმრავლესობას, რომლებიც ავტომობილების იმპორტს იაპონიიდან ახორციელებს, ასეთი დიდი ოდენობის ანაზღაურების რესურსი არ აქვთ. შესაბამისად, მათ თავის გაკოტრებულად გამოცხადება და ტვირთებზე პასუხისმგებლობის მოხსნა მოუწევთ. რაც ნიშნავს, რომ ტვირთები საქართველოს პორტებში გაჩერდება და მთლიანად საბაჟო სისტემას პრობლემა შეექმნება,“ -თქვა ურუშაძემ.

კანონპროეტი, რომელიც საგადასახადო ცვლილებებს, კერძოდ, ავტომობილებსა და საწვავზე აქციზის ზრდას ითვალისწინებს, პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა. იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები მესამე მოსმენითაც დამტკიცდა, 2017 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზრდება, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე კი გასამმაგდება.