2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით , ბაღების ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს, ნაწილი კი უახლოეს ხანებში დაიწყება.
დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს ახალი ბაღები გაიხსნება კრწანისში (ქვემო ფონიჭანა); ჩუღურეთის რაიონში (ჩიტაიას ქუჩა); წყნეთში; სოფელ გლდანში; ვაშლიჯვარში; სამგორის რაიონში (ჭიჭინაძის ქუჩა); თემქაზე(ურეკის ქუჩა); სოფელ დიღომში, სოფელ წინუბანში; საბურთალოზე (გამსახურდიას #23).
„ამასთან, მომავალ წელს დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება დიდუბეში (ზუგდიდის ქუჩაზე), გლდანში (გლდანის III მიკრორაინში); დიდ დიღომში (III მიკრორაიონში); დიდ დიღომში (IV მიკრორაიონში); ჩუღურეთის რაიონში (პალიასტომის ქუჩა), ნაძალადევის რაიონში (სანერგე მეურნეობა), ნუცუბიძიძე (ნუცუბიძის IV მიკრორაიონი), ნაძალადევის რაიონში (გურამიშვილის გამზირი)“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, პრიორიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას 94 891,0 ათასი ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება 166 საბავშვო ბაღი, 60000-მდე აღსაზრდელით.
„მოგეხსენებათ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღები გახდა უფასო და მას დედაქალაქის მთავრობა აფინანსებს. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში 7 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, აღდგა - სამი. ყველა ახალი ბაღი ენერგოეფექტური და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე მორგებულია და ასე იქნება მომავალშიც. გამწვანდა ბაღების ეზოები, მოეწყო სათამაშო მოედნები. 150-მდე საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2014-16 წლების განმავლობაში, მოქმედ საბავშვო ბაღებს 100-ზე მეტი ახალი ჯგუფი შეემატა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, 2016 წლის 1-ელი თებერვლიდან ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღს დაემატა, გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები.
თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს წინაშე დღეს წარდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.