თბილისის მერის მიერ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა დასრულდა, რის შემდეგაც დეპუტატებს საშუალება მიეცათ დავით ნარმანიასთვის შეკითხვებით მიემართათ. მათ შორის, საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშკრულების გაუქმების თემაზე ისაუბრა და თბილისში პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ფრაქცია „რესპუბლიკელებთან“ ერთად შეიმუშავეს ოთხი ვარიანტი, თუ როგორ შეიძლებოდა კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტში 25-მილიონი პირგასამტეხლოს გამოძებნა. ალეკო ელისაშვილმა მიმართა მერს, რომ თბილისში საცობების პრობლემა არ მოგვარდება, თუ პარკირების საკითხი არ მოგვარდა, პარკირების პრობლემები კი, მისი თქმით, კომპანია „სითი პარკის“ გამო მოუგვარებელი რჩება.
ელისაშვილმა დავით ნარმანიას შეკითხვით მიმართა, რატომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას მერი „სითი პარკთან“ დაკავშირებით და ხომ არ არის ეს საკითხი არა მისი, არამედ „უფრო მაღლა, ივანიშვილის“ გადასაწყვეტი. შეკითხვამ საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. კონკრეტულად, უმრავლესობის წევრმა ნუგზარ მალაღურაძემ რეპლიკებით მიმართა ალეკო ელისაშვილს. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა მალაღურაძეს მოუწოდა, შენიშვნები უმრავლესობის წევრებისთვის მიეცა.
„შენიშვნები მიეცი უმრავლესობას“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილს საშუალება ჰქონდა მერისთვის კიდევ სამი კითხვით მიემართა: როდის დასრულდება „ახმეტელის მეტროს“ მეორე ამოსავლელი და თუ შემუშავდება კონკრეტული გეგმა კოოპერატიული ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების პრობლემების მოსაგვარებლად.