საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ დღეს რიგით მეათე დასაქმების ფორუმი გაიმართა როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, ფორუმზე წარმოდგენილი იყო 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი, რომლებმაც რეალური და აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს. კომპანიები სხვადასახვა სფეროდან იყვნენ და მრავალფეროვანი ვაკანსიები შესთავაზეს ფორუმში დარეგისტრირებულ პირებს - მომსახურების და საბანკო სფეროს, ფარმაცევტული, სამედიცინო და სადაზღვევო, ავეჯის ხელოსნის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის და უამრავი სხვა პროფილის მიმართულელები. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 1200-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. მათ შორის, არიან ის პირები, ვინც სახელმწიფოს დახმარებით სხვადასხვა პროფესიაში გადამზადდა ან ახალი პროფესია აითვისა. ამისთვის, სამუშაოს მაძიებლები ჩართულნი იყვნენ მომზადება-გადამზადების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამებში. წელს ამ პროგრამებით 2000 ადამიანი მომზადდა, მათ შორის, 22 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა სამუშაოს მაძიებელს. ამისთვის საჭირო იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის www.ssa.gov.ge-ს მეშვეობით სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება. თუმცა, იმ მსურველებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, ადგილზევე შეძლეს რეგისტრაციის გავლა და გასაუბრება დამსაქმებლებთან.
ფორუმი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ზაზა სოფრომაძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს მიმართა და დასაქმების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, სიახლეებსა და გეგმებზე შემაჯამებელი ინფორმაცია მიაწოდა დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ბეზარაშვილმა. მომზადება- გადამზადების, სტაჟირების პროგრამებისა და პროფესიული განათლების შესახებ ისაუბრა განათლების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. ასევე, გაიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ შექმნილი საინფორმაციო კლიპის პრეზენტაციაც. სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმზე, შემდგომი აქტიური თანამშრომლობისათვის, მემორანდუმი გააფორმა ორ დამსაქმებელთან: სოციალურ საწარმო „კოდალასთან“ და ავეჯის მწარმოებელ კლასტერ „ხელოსანთა ქალაქთან“.