საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა.როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან იუწყებიან, მხარეებმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ADB-ს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორის, საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყალმომარაგების სფეროებში. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ, რაც ითვალისწინებს ეკონომიკურ განვითარებას, მმართველობის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და განათლების სისტემის რეფორმას.
იეშიმ ელჰან-კაიალარის განცხადებით, აზიის ბანკი აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსთან და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.