ჩვენ მივესალმებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ახალი სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, რომლებიც მიმართულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისკენ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში საქმიანობის მანძილზე მან ქვეყნის ეკონომიკა 3 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხით დააფინანსა.
ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. საქართველოში საქმიანობის მანძილზე მან ქვეყნის ეკონომიკა 3 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხით დააფინანსა. უახლოესი 4 წლის განმავლობაში ჩვენ, ბანკთან თანამშრომლობით, უმნიშვნელოვანეს რეფორმებს განვახორციელებთ, როგორიცაა ფინანსური ინსტრუმენტების განვითარება, მათ შორისაა, კაპიტალის ბაზარი“, - განაცხადა ფინანსტა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი განიხილავს ინვესტიციების გამოყოფას საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს ისარგებლოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობით სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. მისივე განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა საქართველოსთვის ასახავს ქვეყნის იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ახლახან განსაზღვრა საქართველოს მთავრობამ. დოკუმენტი მომზადდა ისეთი მხარეების სრული ჩართულობით, როგორებიცაა მთავრობა, კერძო სექტორი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და დონორი ორგანიზაციები და მიიღო ბანკის აქციონერების, კერძოდ კი ევროპის კავშირის ძლიერი მხარდაჭერა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია შემდეგი პრიორიტეტები: ევრობანკი გააგრძელებს კერძო სექტორის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ინოვაციის, გაზრდილი დამატებითი ღირებულების და ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სტანდარტებსა და მოვალეობებთან შესაბამისობის გზით; ევრობანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისა და კერძო სექტორის მხარდაჭერას კარგად განვითარებული ადგილობრივი საბანკო სექტორის მეშვეობით, განსაკუთრებული აქცენტით ისეთ მაღალი პოტენციალის მქონე მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მასპინძლობის სექტორი და ინოვაცია; ბანკი გეგმავს ფინანსური მხარდაჭერის კონცენტრაციას მუშახელის სწავლების უნარებში, გამოკვეთილი აქცენტით რეგიონალური ჩართულობის, ახალგაზრდობისა და გენდერულ საკითხებზე. ფინანსური სექტორის კუთხით, ევრობანკის პრიორიტეტი იქნება ფინანსური შუამავლობის გაღრმავება და ადგილობრივი სავალუტო და სასესხო კაპიტალის ბაზრების განვითარება, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს ფინანსებზე წვდომის უკეთესი შესაძლებლობა. ბანკის კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება ბაზრების გაფართოება რეგიონთაშორისი კავშირის გზით, საქართველოს, როგორც რეგიონალური დამაკავშირებელი რგოლის, პოტენციალის გაზრდა - ქვეყნის ინფრასტუქტურის შემდგომი მოდერნიზაციის საშუალებით. ევრობანკი განიხილავს ისეთ ინვესტიციებს საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს ისარგებლოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობით სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. გარდა ამისა, ახალი სტრატეგიული გეგმა გულისხმობს გაძლიერებულ აქცენტს განახლებადი ენერგიის, რესურსების ეფექტურობისა და კლიმატურ ცვლილებთან ადაპტაციის თემების წინ წამოწევაზე, რათა გაუმჯობესდეს, ამ კუთხით, ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა; ევრობანკი გააგრძელებს განახლებადი ენერგიის მწარმოებლურობისა მხარდაჭერას ჰიდროელექტროობაში ისევე, როგორც გადამცემი ხაზების შენებას რეგიონალური ბაზრების დასაკავშირებლად. სპეციალური ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა იმუშავებს ენერგიის გადაჭარბებული ხარჯვის პრობლემის დაძლევაზე. საქართველოში თავისი მოღვაწეობის დაწყების დღიდან, ევრობანკმა გამოყო 3 მილიარდ ევრომდე დაახლოებით 200 პროექტის დასაფინანსებლად ფინანსურ, კორპორატიურ, ინფრასტრუქტურულ თუ ენერგო სექტორებში. ბანკის ინვესტიციის 91 პროცენტი კერძო სექტორში განხორციელდა; ბანკის არსებული პორტფელის 40 პროცენტი ენერგოსექტორშია, რასაც მოსდევს ფინანსური სექტორი 27 პროცენტით; მრეწველობა და კომერცია იკავებს 26 პროცენტს, ინფრასტრუქტურა კი - 6 პროცენტს.