ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების წახალისებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, ქვეყნის საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები, საგადასახადო კანონმდებლობაში გათვალისწინებული ცვლილებები, მათ შორის მოგების, გადასახადის რეფორმის მნიშვნელობა - ეს ის თემებია, რომელზეც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას გაამახვილა ყურადღება.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობაზე, რომლის მთავარი ამოცანაა, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. „ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და დაგეგმილი რეფორმა ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა
მისივე განცხადებით, როგორც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მთლიანად ასახავს იმ რეალობას და გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას. მისი თქმით, კერძო სექტორი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და უშუალოდ მონაწილეობს ქვეყნის განვითარების პროცესში დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია აქვს. შესაბამისად, მათ მომავალშიც უნდა გააგრძელონ ინვესტირება ეკონომიკაში, რაშიც მთავრობის მხრიდან მათ სრული მხარდაჭერა ექნებათ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების ხელშეწყობა, რისთვისაც მომავალ წელს გაგრძელდება იმ პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებებს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, საუბარი, ასევე, შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია იქითკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს განვითარების საშუალება და მათ წვდომა ჰქონდეთ როგორც ფინანსებთან, ისე ინფრასტრუქტურასთან. დიმიტრი ქუმსიშვლის თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, რათა სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, რაც გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს და აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა უპასუხა დამსაქმებელთა ასოციაციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ბიზნესსექტორთან დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათთან აქტიური კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება.