გიორგი გახარია - ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ვიმუშაოთ უფრო ფოკუსირებულად ინვესტორებზე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებიდან გამომდინარე ქვეყანას საგარეო ვალის აღება არ დასჭირდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.

უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ძირითადი ინსტრუმენტია, რომლითაც მთავრობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აპირებს.

”პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 9 თვის მონაცემებით, 5 პროცენტითაა გაზრდილი. დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე შარშანდელს გადააჭარბებს. ბიზნესგარემოს გაუმჯობესება არის ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. საქართველოში ბიზნესის კეთება უნდა იყოს კომფორტული. პრემიერ-მინისტრის დავალებით საინვესტიციო სააგენტო გადმოდის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ვიმუშაოთ უფრო ფოკუსირებულად კონკრეტულ ინვესტორებზე, გავხადოთ ქართული ეკონომიკა, ქართული ბიზნესგარემო მათთვის მიმზიდველი და ასე მოვიზიდოთ ისინი. ჩვენ ველოდებით ინვესტიციების იმ ოდენობას, რომ ქვეყანას საგარეო ვალის აღება არ დასჭირდება. საგარეო ვალი და პირდპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან ბუნდოვნადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და მე აქ პირდაპირ ბმას ვერ ვხედავ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს და დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება”, - განაცხადა გახარიამ.