ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი ბაქრაძის შეფასებით, ევროზე გადასვლის შემთხვევაში პრობლემები, რომლებიც შექმნილია კურსის მერყეობის გამო, არ მოიხსნება. ასე უპასუხა ბაქრაძემ ”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა ”ჩემი კითხვის” მაყურებლის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ლარიდან ევროზე გადასვლას ეხებოდა.
”ძირითადი მიზეზი, თუ რატომაც ხდება ქვეყნების გაწევრიანება მონეტარულ კავშირში, არის ის პლუსები, რომელიც მონეტარულ კავშირს მოაქვს, ეს არის შემცირება გაურკვევლობაში, პრობლემების მოხსნა ტრანზაქციებში და ა.შ. როგორც წესი, ეგ ხდება, როცა ქვეყნები ძალიან არიან ინტეგრირებული ერთმანეთთან ან საერთო მონეტარულ სივრცესთან. აბსოლუტურად ლოგიკურია ჰქონდეთ ევრო ანდორას, სანმარინოს და მონაკოს, რომლებიც პრაქტიკულად სხვა ქვეყნებთან არ ვაჭრობენ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში დივერსიფიკაცია საგარეო სავაჭრო პარტნიორების, არის მაღალი, ვიდრე ევროპის შუაგულში მყოფი ქვეყნებისთვის. ჩვენთან სადღაც 25%-ია ვაჭრობა ევროპასთან, ხოლო 75% - არ არის ევროში. თავისთავად ერთი ვალუტის აღება არ გამორიცხავს სხვა ვალუტების მიმართ მერყეობას”, - განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა მაგალითად ევროს მერყეობა მოიყვანა და აღნიშნა, რომ სამი წლის წინ ერთი ევროს ღირებულება 1.42 იყო, ხოლო ახლა არის - 1.05.
”მერყეობა საკმაოდ დიდია. გარანტია იმისა, რომ ჩვენ ავიღოთ ევრო და ის არ იქნება მერყევი დოლართან ან ნებისმიერი სხვა სავაჭრო პარტნიორის ვალუტის მიმართ, არ გვაქვს. რომ გვქონდეს ვაჭრობა 70-80 % ევროკავშირთან, მაშინ ამას ბევრად უფრო მეტი აზრი ექნებოდა. მე უბრალოდ ვერ ვხედავ პლუსებს, თუ როგორ გადაფარავს ევროსგან მიღებული პლუსები იმ მინუსებს, რომელიც გვექნება, რადგან მერყეობა მაინც დარჩება და ჩვენ ვიქნებით ისევე, როგორც ახლა ვართ. ჩვენი ვაჭრობა ევროპასთან იქნება ისევ და ისევ მცირე, პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს კურსის მერყეობის გამო, არ მოიხსნება”, - აღნიშნა ბაქრაძემ.
იხილეთ ვიდეო : "ხომ არ ჯობია, საქართველო გადავიდეს ევროზე?" - გიორგი ბაქრაძის პასუხი მოქალაქეს