ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე ტაძრის მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 17 დეკემბერს 10-დან 15 საათამდე მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. მსურველებს ვარდების მოედნიდან 8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან 3 და მეტრო „ვარკეთილიდან“ – 3 ავტობუსი მოემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბარბარობას, მახათას მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები. ასევე, საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მოხდება, რომელიც ფონდი „ივერიისას“ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა.