ბათუმი-ახალციხის გზის შუახევის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.შუახევის გამგებლის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, რის შედეგადაც ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, ცალკეული პრობლემები შეიქმნა.
ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა გზის გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
„შუახევის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. უხვი ნალექის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებით, ცალკეული პრობლემები დაფიქსირდა. ბათუმი-ახალციხის შუახევის მონაკვეთზე თოვლის საფარი დიდია და შესაბამისად მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი. ამ მონაკვეთზე მძიმე ტექნიკა აქტიურად მუშაობს და დღის ბოლომდე მოძრაობა ორმხრივად აღდგება. რაც შეეხება მარეთის ხეობას, ვიმედოვნებ, რომ სოფლებთან მისასვლელი გზა დროულად აღდგება“, - აღნიშნა შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ.