21-ე საუკუნეში ტექნიკური მოწყობილობები ძალიან სწრაფად ვითარდება. ბაზარზე ინტენსიურად ჩნდება ახალი პროდუქცია, რომელთა გაყიდვების მაჩვენებელი სტაბილურად მზარდია. თანამედროვე ადამიანი თითქოს შეპყრობილივითაა, რომელიც მუდამ იმის მცდელობაშია, რომ წლის ფლაგმანი სმარტფონი ან პლანშეტი ჰქონდეს. თუმცა აქვე აქტუალურია კითხვა, იყენებს კი მფლობელი ამ მოწყობილობის ფუნქციებს სრულად? საქართველოს შემთხვევაში პასუხი მარტივია: არა.
აბა რატომ ცდილობენ, რომ მუდმივად ბოლო მოდელის ტელეფონი ჰქონდეთ?
ამ საკითხზე ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ეს ადამიანის ქვეცნობიერია, რომელიც ცდილობს საკუთარი სოციალური სტატუსი საზოგადოებაში სხვადასხვა ქმედებებისა და პროდუქტების, მათ შორის ტექნოლოგიური ფლაგმანების საშუალებით დაიმკვიდროს.
სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ქართულ ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიები აცხადებენ, რომ 2016 წელი მათთვის წარმატებული იყო. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ტენდენცია კი წლიდან წლამდე ნაკლებად იცვლება.
"ამ ეტაპისთვის ხუთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია ტელევიზორი, გაზქურა, გამათბობელი, მაცივარი და სარეცხი მანქანა. წინა წელთან შედარებით, ტენდენცია არ შეცვლილა," - ამბობს "ტექნობუმის" მარკეტინგის მენეჯერი თამარ დუმბაძე.
"ელიტ ელექტრონიქსში" 2016 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ჩამონათვალი მეტ-ნაკლებად განსხვავდება. აღნიშნულ მაღაზიათა ქსელში წლის განმავლობაში ყველაზე კარგად იყიდებოდა სმარტფონები, ნოუთბუქები, მაცივრები, სარეცხი მანქანები და ჭურჭლის სარეცხი მანქანები.
"წინა წელთან შედარებით ერთი სიახლე გვაქვს. წელს განსაკუთრებული მოთხოვნა დაფიქსირდა ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე. ეს ტენდენცია განვითარებამ მოიტანა და დღეს ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ უკვე პირველადი მოხმარების ნივთების სიაში გადაინაცვლა," - განმარტავს "ელიტ ელექტრონიქსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნოკა ბაინდურაშვილი.
ტექნიკის მაღაზიები აცხადებენ, რომ გაყიდვების თვალსაზრისით Iphone სმატფონების ლიდერია. ბრენდის ბოლო ფლაგმანი Iphone 7 კი ცალსახად უკონკურენტოა. მისი მთავარი მეტოქე საქართველოსა და მსოფლიოში Samsung Galaxy-ია. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიო გაყიდვების ლიდერი 2016 წელს Samsung Galaxy 7 edge-ია. მას მოყვებიან Samsung Galaxy S7 და Iphone 7 Plus.
ასევე, კარგად გაყიდვადია Huawei-ის, HTC-ის, LG-ის და Nokia-ს სხვადასხვა მოდელები, რომლებიც შედარებით ბიუჯეტური ფასებით გამოირჩევიან.
თუ სმარტფონებში ყველაზე კარგად ბოლო მოდელები იყიდება, განსხვავებული მდგომარეობაა კომპიუტერების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ბიუჯეტური მოდელები უფრო გაყიდვადია.
ბაზარზე i7 პროცესორიანი ტექნიკა დიდი ხანია გამოჩნდა, თუმცა i3 და i5 კვლავ წარმატებით იყიდება. ამ შემთხვევაში, რიგით მომხმარებელს უკანასკნელი ტექნოლოგიები არ სჭირდება. ძლიერი პროცესორები უფრო ტექნიკური პერსონალისთვის არის საჭირო.
ნოუთბუქების მიმართულებით ლიდერი ბრენდებია HP, Asus, Dell და Lenovo.
ყველაზე გაყიდვადი ნოუთბუქების ფასი 800 ლარიდან იწყება. სმარტფონების მიმართულებით, Samsung-მა პირველობა Apple-ს დაუთმო, თუმცა, ის უდავო ლიდერია ტელევიზორების გაყიდვების მაჩვენებლით.
ყველაზე გაყიდვადი ტელევიზორების ფასი 800-დან 1500 ლარამდე მერყეობს.
"სმარტტელევიზორები" შედარებით ძვირი ფასით გამოირჩევა, თუმცა ქართველ მომხმარებლებში მოთხოვნა მათზეც გაიზარდა.
მაცივრების, სარეცხი მანქანების და ჭურჭლის სარეცხი მანქანების მიმართულებით Bosch ცალსახად ლიდერია. მოთხოვნადი სარეცხი მანქანების ფასი 800-1000 ლარია, მაცივრების - 900-1200.
ზოგადად, ტექნიკის ბაზარი საქართველოში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მსოფლიო პრეზენტაციის შემდეგ, სიახლე საქართველოში მალევე შემოდის და კარგადაც იყიდება.
ნანა მღებრიშვილიAllnews.ge