საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა საზოგადოებას „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი წარუდგინა. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 131 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვარზე ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, ჰესის მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა/ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საჯარო და კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა.
„მტკვარი ჰესი“ 2009 წელს დაწყებული და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი იყო, რომელიც საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 2014 წელს 100%-ით შეისყიდა. ფონდის ჩართულობით და ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა პროექტის განცოცხლება, რომელიც დღეს უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. „მტკვარი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ. კვტ.სთ.-ს უტოლდება.
„მტკვარი ჰესის“ პროექტი განსაკუთრებულია რამდენიმე მიზეზით: იგი ითვალისწინებს მომდინარე წყლის დღე-ღამურ რეგულირებას, რაც წყლის დაგროვების და ჰიდრო რესურსების ოპტიმალური გამოყენების საშუალებას იძლევა; სამშენებლო პროცესში გამოიყენება უახლესი და ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ტექნოლოგიები. 9.6 კმ სიგრძის გვირაბის გაყვანა ხდება გერმანული კომპანია Herrenknecht-ის მიერ წარმოებული მასშტაბური მანქანა-დანადგარით, ეგრეთ წოდებული TBM (Tunnel Boring Machine)-ით, რომელიც გვირაბის რკინაბეტონის სეგმენტებით მოსახვის საშუალებას იძლევა.
ჰესის აღჭურვა მიმდინარეობს მსოფლიოს წამყვანი ავსტრიული კომპანია Voith-ის უმაღლესი ხარისხის ელექტრო-მექანიკური დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ პროექტის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე მინიმალურია.
თანაინვესტირების ფონდის ცნობით, „მტკვარი ჰესის“ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეის მდგომარეობით ფონდის მიერ პროექტში უკვე ინვესტირებულია 53 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ბიუჯეტისთვის კი იქმნება მილიონობით ლარის ღირებულების მუდმივი შემოსავლის წყარო.
პროექტის ორი უმსხვილესი კონტრაქტორი ქართული სამშენებლო კომპანიებია. ჰესის გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს მრავალი წლის გამოცდილების მქონე და არაერთი წარმატებული პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერი“, ხოლო ჰესის შენობის, სათავე-ნაგებობების და სხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს ასევე გამოცდილი ქართული კომპანია „საქენერგორემონტის“ და უკრაინული კომპანია Kievmetrobud-ის კონსორციუმი.
პროექტის მთავარი ტექნიკური კონსულტანტია წამყვანი ევროპული კომპანია Škoda Praha, რომლის მაღალკვალიფიციური ინჟინრები პროექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს ყოველდღიურ უწევენ ადგილზე უწევენ.
პროექტის ფარგლებში ფონდმა ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან მოიზიდა $65 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების, უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი.
„მტკვარი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა არსებობის 3 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი. ფონდის საინვესტიციო პორტფელის ღირებულება დღეს უკვე $2 მლრდ დოლარს აღემატება და მასში გაერთიანებული 16 პროექტი, რომლებიც ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორს მოიცავს.
ენერგეტიკა ფონდისთვის თავიდანვე ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტული საინვესტიციო მიმართულებად ჩამოყალიბდა. დღეისთვის ენერგეტიკის მიმართულებით ფონდი ახორციელებს სამ მასშტაბურ და ძალიან საინტერესო ჰესების პროექტს, რომელთა ჯამური საინვეტიციო ღირებულება $1 მლრდ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ სამივე პროექტის („მტკვარი ჰესი“, „ონის ჰესების კასკადი“ და „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“) ელექტროენერგიის დაგეგმილი წლიური გამომუშავება საქართველოში არსებული წლიური მოხმარების 20%-ს შეადგენს. ამ პროექტების განხორციელებით ფონდს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გამყარების და ეკონომიკის გაძლიერების კუთხით.