ვასო ურუშაძე : „აქციაზე ჩვენი მთავარი გზავნილია - პრეზიდენტმა აქციზის გაზრდის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს“

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის თქმით, ისინი უერთდებიან მთავრობის კანცელარიასთან დღეს დაგეგმილ აქციას. როგორც ურუშაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, აქციაზე, რომელიც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ იმართება, მათი მთავარი მოთხოვნა იქნება - პრეზიდენტმა საწვავსა და ავტომობილებზე აქციზის ზრდის შესახებ კანონპროექტს ვეტო დადოს.

მისი ცნობით, ვეტოს გარდა, სხვა იურიდიული ნაბიჯი აღარ დარჩა.

აქცია - „შეწყვიტეთ ჟრიალი, მოიჭირეთ ქამრები, დაწიეთ გადასახადები“, მთავრობის კანცელარიასთან დღეს, 5 საათზე გაიმართება.

კანონპროექტი, რომელიც საგადასახადო ცვლილებებს, კერძოდ, ავტომობილებსა და საწვავზე აქციზის ზრდას ითვალისწინებს, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შედეგად ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზრდება, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე კი გასამმაგდება.