პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცას მოახერხებენ. როგორც ირაკლი კობახიძემ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, ამის თაობაზე მთავრობასთან კონსულტაციები გაგრძელდება.
”ვფიქრობთ, ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხებთ. ამაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება”, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, ხარჯების შეკვეცის ფარგლებში პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხომ არ დადგება დღის წესრიგში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამის განსაზღვრას საკონსტიტუციო თანხმობა სჭირდება.
”ამ საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.