წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22 %-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10830 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1920 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8911 მლნ აშშ დოლარს (29 პროცენტით მეტი).
„აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 6513 მლნ აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 6991 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1506 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0,5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3086 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 513 მლნ აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2573 მლნ აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 31, 30 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში 33 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 2422 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 659 მლნ აშშ დოლარი (14 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1763 მლნ აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 22 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-ნოემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში 20 პროცენტი).
საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1831 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (1400 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (781 მლნ აშშ დოლარი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 285 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი 168 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ნოემბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2641 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მლნ აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 529 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 414 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).