შსს-ს ინფორმაციით, ფოთში ტრაილერების გაჩერება თურქეთის საბაჟოსა და ფოთის პორტში შექმნილ ვითარებას უკავშირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში, ტრაილერების გაჩერება თურქეთის საბაჟოსა და ფოთის პორტში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გადაადგილებასთან დაკავშირებით თურქეთის მხრიდან კვლავ შეზღუდვები რჩება. გარდა ამისა, როგორ ცნობილია, უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა ფოთის პორტში, სადაც მუშაობა შეფერხებულია და აქედან გამომდინარე, მთელი დატვირთვა ბათუმის პორტზე მოდის, რის გამოც ბათუმის მიმართულებით სატვირთო მანქანების გადაადგილების რეგულირება ხდება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საპატრულო პოლიცია არეგულირებს, რომ ტრაილერების გადაადგილება ეტაპობრივად მოხდეს.

ფოთში, მალთაყვას უბანში 30-მდე თურქული ტრაილერია გაჩერებული. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მძღოლებმა განუცხადეს, საპატრულო პოლიცია მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. მიზეზი მძღოლებისთვის უცნობია. მძღოლები ამბობენ, რომ საკვების მარაგი ამოეწურათ, მაღაზიები კი მათგან შორსაა.