როგორ ვმართოთ ტელეფონით გათბობა და ბეჭედი, რომელიც პლასტიკურ ბარათს ჩაანაცვლებს

რამდენიმე დღის წინ, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სტარტაპების გამოფენა გაიმართა. სლოგანით - „ქართულია და კარგია“ ყველაზე ინოვაციური და კრეატიული ბიზნეს წამოწყებები გაერთიანდა.

ერთ-ერთი საინტერესო სტარტაპი ონლაინ კონსიერჟია, რომელიც დაკავებულ ადამიანებს საყოფაცხოვრებო რუტინის შემსუბუქებაში და დროის დაზოგვაში ეხმარება.

სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა ცაიშვილი აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე მომხმარებელს რეცხვისა და ქიმწმენდის სწრაფ და უმარტივეს მომსახურებას სახლიდან გაუსვლელად სთავაზობენ. „მომხმარებელი თავად ირჩევს მომსახურების ფორმას - მას შეუძლია უკვე მზა პროდუქცია მიიღოს საცხოვრებელ სახლთან დამონტაჟებული კარადა - „ლოქერის“ საშუალებით, ან გამოძახებით. ამჟამად ჩვენი “ლოქერები” დგას ორ ობიექტზე: “სახლი ოპერასთან” და “შენი სახლი ჯიქიაზე”. თვის ბოლოს დავამატებთ “ლოქერს” “ლისი ვერანდაზე”, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ცაიშვილი.

სტარტაპი „მოსტატი“ ცენტრალური გათბობისთვის სამარტავად არის განკუთვნილი და მომხმარებელს ბუნებრივი აირის ხარჯებსაც შეუმსუბუქებს.

პაატა კვესელავა, სტარტაპ „მოსტატის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:

„wifi თერმოსტატი ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბში მონტაჟდება და აპლიკაციის საშუალებით იმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადგილიდან თქვენ შეგიძლიათ ტელეფონით მართოთ სახლში გათბობა - აუწიოთ ან დაუწიოთ, შეცვალოთ ტემპერატურა ან მიუთითოთ განრიგი, როდის რამდენი გრადუსი უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ეს სისტემა კომფორტულია, ხარჯსაც ამცირებს დაახლოებით 16-დან 40 პროცენტამდე.

ჩვენი სტარტაპი უკვე ფინიშზეა. ახლა ინვესტორთან გვაქვს მოლაპარაკება და დაახლოებით ორთვენახევარში ბაზარზე გასვლას შევძლებთ. ვგეგმავთ, რომ გათბობის სისტემის დისტანციურად მართვის ფასი 299 ლარი იქნება.“

კიდევ ერთი საინტერესო სტარტაპი, რომელიც დამთვალიერებელმა გამოფების ფარგლებში გაიცნო, ჭკვიანი ბეჭედი - „კონიკია“, რომელიც საფულის მაგივრობას გაგიწევთ.

ნინო გვაზავა, „კნიკის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ ეს არის ხის ჭკვიანი ბეჭედი, რომელსაც შეუძლია ჩვენს საფულეში არსებული მრავალრიცხოვანი პლასტიკურ ბარათების ჩანაცვლება. მხოლოდ თითზე ჩამოცმული ბეჭდის საშუალებით ადამიანს შეუძლია გადაიხადოს ძალიან მარტივად და შევიდეს სხვადასხვა დაწესებულებაში, მაგალითად საცურაო აუზზე, სპორტულ დარბაზში, საკუთარ სამსახურში და ა.შ.

გარდა ამისა, ბეჭედში პირველადი სამედიცინო ინფორმაციის ჩაწერის საშუალებაც გვაქვს - სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები და ა.შ. კრიტიკულ მომენტში, ბეჭედის საშუალებით, ექიმს შეუძლია ძალიან მარტივად თავად წაიკითხოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. შესაბამისად, პრობლემაზე რეგიარება იქნება გაცილებით უფრო ზუსტი და ეფექტური.

ეს ყველაფერი აპლიკაციის მეშვეობით იმართება და ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში შეგვიძლია ის მაშინვე გამოვრთოთ. ბეჭედზე არსებულ ინფორმაციას შეგვიძლია მივაბათ ლინკები და ფაილები, სავიზიტო ბარათები და სხვა ინფორმაცია. ბეჭდის სმარტოფონთან შეხების შემთხვევაში კი სასურველი ინფორმაცია გამოჩნდება. ბეჭდის სატესტო ვერსია 49 ლარი ღირს“.

ლიკა ამირაშვილი